საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ფიბა ევროპის თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კლინიკას მორიგი ქართველი მწვრთნელები დაესწრნენ. ახალგაზრდა მწვრთნელების კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებსა და კლინიკას კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ უმასპინძლა და ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები – ნიკა სოლოღაშვილი და ირაკლი ჯანხოთელი დაესწრნენ.
სამწვრთნელო ღონისძიება გაიმართა 14 წლამდე ბავშვებში მომუშავე მწვრთნელებისთვის და კალათბურთის ფედერაციის შერჩევით პრიორიტეტი მიენიჭათ გასულ სეზონში ამ ასაკში წარმატებული გუნდების მწვრთნელებს. ირაკლი ჯანხოთელის გაწვრთნილმა “მუხბემ” “ჯუნიორ ნბა”-ს B დივიზიონი მოიგო, ხოლო ნიკა სოლოღაშვილის გაწვრთნილმა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა A დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა. A ლიგის გამარჯვებული “ქუთაისის” მწვრთნელებმა პირადი მიზეზის გამო ვერ მოახერხეს პრიშტინაში, სემინარებზე გამგზავრება.
პრიშტინაში ევროპის ათზე მეტი ქვეყნის მწვრთნელები შეიკრიბნენ, რომლებსაც სემინარები ჩაუტარეს და საჩვენებელი სამწვრთნელო გაკვეთილები ჩაუტარეს კალათბურთის ცნობილმა სპეციალისტებმა – ნენად ტრუნიჩმა მათიას ზოლნერმა. სემინარები 17 ოქტომბერს დაიწყო და დღეს საჩვენებელი სამწვრთნელო ვარჯიშებით დასრულდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს ფიბა-სთან საიმისოდ, რომ ყველაფერთან ერთად საქართველოში მწვრთნელთა კვალიფიკაცია ამაღლდეს. ამ მხრივ ქართველი მწვრთნელები სისტემატიურად მონაწილეობენ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
