საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. დავით უსტიაშვილის გუნდი ჯერჯერობით სრულად არ შეკრებილა, რადგან ლეგიონერები არ ჩამოსულან, აქ მყოფ ნაკრების ორ კანდიდატს კი ჯანმრთელობა არ უფწობთ ჯერჯერობით ხელს.
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაწყებულ ვარჯიშებს ჯერჯერობით 9 კალათბურთელი ესწრება: რიჩარდ მათიაშვილი, კოსტანტინე ტომარაძე, ზურაბ მაჭავარიანი, დავით ნანიტაშვილი, ლევან ცეკვავა, ირაკლი გაბისონია, გიგა კვეტენაძე, ქაქუცა აბაიშვილი და გიგი ბარბაქაძე. ტრავმა აქვს და ნაკრებს მალე შეუერთდება ტატო ჩაჩიბაია, ხოლო ბექა წივწივაძეს მაღალი სიცხე აქვს და ჯამოჯანმრთელებისთანავე ჩაერთვება შეკრებაში.
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩეპიონატის B დივიზიონის A ჯგუფში მეტოქეებად შეხვდნენ სლოვაკეთი, პორტუგალია, შვედეთი და ლუქსემბურგი. საკვალიფიკაციო ტურნირი 16–26 ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ნაკრები მიიღებს, საიდანაც 2 საუკეთესო მომავალ წელს A დივიზიონში გამოვა.
დღევანდელი ვარჯიშიშის შემდეგ მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ეს ინტერვიუ ჩამოვართვით…
დავით უსტიაშვილი 20–წლამდელთა ვარჯიშზე
– შეკრება 15 ივნისიდან დავიწყეთ, თუმცა ნაკრების ყველა კანდიდატს თავი ჯერჯერობით ვერ მოვუყარეთ – გვითხრა დავით უსტიაშვილმა – მალე შემოგვიერთდებიან ლეგიონერები და ნაკრებიც სრულყოფილ სახეს მერეღა მიიღებს. ესპანეთიდან ველოდებით თორნიკე შენგელიას და გიორგი შარაბიძეს, იტალიიდან ნიკა მეტრეველს, უკრაინიდან დავით მაისურაძეს, ხოლო ამერიკაში მყოფი ლევან შენგელიაც მალე ჩამოვა. ამათ დაემატებიან ამჟანად შეუძლოდ მყოფი კალათბურთელები – ტატო ჩაჩიბაია და ბექა წივწივაძე, მთლიანობაში 16–17 კანდიდატი შეგროვდება და საბოლოო შემადგენლობაც ამათგან შეირჩევა.– რამდენი კაცი უნდა შეარჩიოთ და როდისთვის დაასახელებთ მათ ვინაობას?
– როგოც წესი, საერთაშორისო ტურნირებზე 12 მოთამაშით მივდივართ და ასე იქნება ახლაც. მათი ვინაობა მაკედონიაში გამგზავრებამდე ორიოდ დღით ადრე, 13–14 ივლისს გაირკვევა.
– რა სისტემით ავარჯიშებთ ნაკრებს?
– თავდაპირველად 3 დღე ერთჯერადი ვარჯიშები გვექნება, შემდეგ კი ორჯერადზე გადავალთ და კომბინირებულად ვივარჯიშებთ – ტაქტიკისა და სხვა კომპონენტების დამუშავებას ფიზიკურ დატვირთვებსაც შევუტავსებთ. სავარაუდოდ 20 ივლისიდან კი მძლეოსნობასმოვხსნიტ და უშუალოდ საკალათბურთო ძვრთნაზე გადავალთ.
– თქვენს ნაკრებში გამოძახებულთა შორის დაასახელეთ თორნიკე შენგელია, რომელიც 18 წლისაა და ჭაბუკთა ნაკრებში თამაშიც შეუძლია…
– თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული და თუკი ჭაბუკთა ნაკრებში სათამაშოდ წავა, ეროვნულის შეკრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდება. ახალგაზრდულ ნაკრებს კი შედარებით ადრე აქვს თამაშები და მის დახმარებაზე უარს ვერ ვიტყვით.
– გიორგი შერმადინზე რას იტყვით?
– საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ შერმადინი წლეულს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში გამოგვეძახა. გვსურს, რომ ის ნაკრების შეკრებაზე პირველივე დღიდან იყოს.
– რას ფიქრობთ, მოახერხებთ A დივიზიონში ანაცვლებას?
– ახალგაზრდული და ყველა ასაკობრივი ნაკრების მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მომზადებაა და თუკი წარმატებასაც მივაღწევთ, ამას რა აჯობებს?! წინასწარ რამის თქმა არ მინდა, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით.
– ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში წლეულს თუ იქნება ვინმე გამოძახებული?
– თორნიკე შენგელიაზე უკვე გითხარით, შერმადინზეც. სხვებსაც სავარაუდოდ მიეცემათ შანსი და თუ ვის, ამას სავარაუდოდ, მაკედონიის საკვალიფიკაციო ტურნირი განსაზღვრავს.