ახალი ფილმი ქართულ კალათბურთზე

ახალი ფილმი ქართულ კალათბურთზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ყველა დროის გამოჩენილი კალათბურთელები არიან თავმოყრილნი. ახალი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის რეჟისორი გოგი თორაძეა და მასში ქართული კალათბურთის ისტორია საინტერესოდ არის წარმოჩენილი.
 
 
გოგი თორაძე (რეჟისორი): “სპორტულ თემაზე, უკვე მეორე ფილმი გადავიღე. პირველი, ქართული რაგბის ისტორიას ეხებოდა, მეორე, რაღა თქმა უნდა, ქართული კალათბურთის ისტორიას, ხოლო სექტემბრის ბოლოს, ქართული ფეხბურთის ისტორიის პრემიერას ვგეგმავთ. რასაკვირველია, ყოველი ფილმის გამოსვლისას ძალიან ვღელავ და თითოეულ სფეროში, ღრმად და საფუძვლიანად ვიხედები. მთელს ჩემს შემოქმედებით ჯგუფს კი, დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი”.
ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “კალათბურთს ჩვენს ქვეყანაში დიდი ისტორია და მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ასეთი ფილმების გადაღება აუცილებელია. გოგი თორაძეს, 30 წუთიან ფილმში ყველა თაობის კალათბურთელის გაერთიანებისთვის, დიდ მადლობას მოვახსენებ”.
ილია მირიანაშვილი (ვეტერანი კალათბურთელი): “ძალიან კარგი ფილმი იყო და დიდად ვისიამოვნე, თუმცა, ბევრი ისტორიული ფაქტი და პიროვნება იყო გამორჩენილი. მართალია, მასალები რთული მოსაპოვებელია, მაგრამ იმედია, მომავალ ფილმებში მეტი ისტორიული ფაქტები იქნება მოყვანილი და ამ სფეროში, კიდევ უფრო დიდი მიღწევებიც გვექნება”.
ვაჟა ჟღენტი (ვეტერანი კალათბურთელი): “ჩვენი ისტორია დაკარგული გვეგონა და კარგია, რომ დღის სინათლე იხილა. ძველი კადრების ხილვა ყოველთვის ძნელი იყო და ძალიან გამიხარდა. თუმცა, ქართული კალათბურთის მატიანეს ერთი ფილმი არ ჰყოფნის. იმედია, მსგავსი ტიპის ფილმებს კიდევ გადაიღებენ და მომავალი ისტორია, კიდევ უფრო უკეთესი გვექნება”.
ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი): “ბატონმა გოგიმ და მისმა გუნდმა ისტორია გააცოცხლა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. მინდა აღვნიშნო, რომ ფილმი მუსიკალურად კარგად იყო გაფორმებული”.