ახალი რუბრიკა ჩვენს ვებ–გვერდზე
ჩვენი ვებ–გვერდი კალათბურთის გულშემატკივრებს ახალ რუბრიკას სთავაზობს, რომელსაც ერქმევა „დამატებითი დრო“. რატომ მაინცდამაინც „დამატებითი დრო“? რუბრიკის მიზანი ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა არა მხოლოდ სპორტულ საკითხებზე, არამედ, ყურადღების ცხოვრების სხვა სფეროებზე გამახვილებაც იქნება. რუბრიკას სტუმარი დაახლოებით 2 ვირაში ერთხელ ეყოლება, ვებ–გვერდის მკითხველებს კი წინასწარ ეცოდინებათ, თუ ვინ იქნება რუბრიკის მომდევნო გმირი. ამჯერად არჩევანი მანუჩარ მარკოიშვილზე შევაჩერეთ, რომელიც ქართველ ლეგიონერთაგან ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია საკუთარ კლუბ “ბენეტ კანტუში”.
მარკოიშვილი ეროვნულ ნაკრებში თამაშისას: უკრაინის წინააღმდეგ
– საკმაოდ კარგად დაიწყეთ სეზონი. რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თამაშით?
– ვერ ვიტყვი, რომ კარგად დავიწყე სეზონი, მაგრამ ვფიქრობ წინა წლებთან შედარებით სტაბილურად ვთამაშობ. ეს განაპირობა იმან, რომ ჯანმრთელად ვარ და არ მაწუხებს ტრავმები,თუმცა ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი. ვფიქრობ, ბოლო მატჩებში არც თუ კარგად ვითამაშე, სამუშაო ნამდვილად ბევრი მაქვს.
– მიმდინარე სეზონში რომელ მატჩს გამოარჩევთ ?
სიმართლე გითხრათ განსაკუთრებული თამაშები არ მქონია, რამდენიმე მატჩში კარგად ვითამაშე, მაგრამ კონკრეტულად ვერ გამოვყოფ.
– ახლახანს ჩაერთეთ ევროთასის გათამაშებაში. როგორ შეაფასებთ ჯგუფის მეტოქეებს და რა არის თქვენი მიზანი ამ ტურნირზე?
– უმთავრესი მიზანი არის ქვეჯგუფიდან გასვლა, რისთვისაც უნდა დავიკავოთ 1–2 ადგილი. ორი თამაში გვაქვს დარჩენილი, რა თქმა უნდა, მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი, რის შემდეგაც თასის მოგების რეალური შანსი გვაქვს.
– ,,ბენეტ კანტუს“ ხელმძღვანელობას რა გეგმები აქვთ სერია A-ში?
– ჩვენი ხელძღვანელობა ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად არ საუბრობს. ვთამაშობთ მოგებისთვის, მაგრამ საბოლოო შედეგს სეზონის ბოლო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ფლეიოფში გასვლაა, ამის შემდეგ იწყება ბრძოლა ჩემპიონობისთვის.
– როგორ დაახასიათებთ გუნდის მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერს. თქვენს მიმართ როგორაა იგი განწყობილი?
– ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, არის ნამდვილი პროფესიონალი და გამოირჩევა გუნდთთან განსხვავებული, ინდივიდუალური მუშაობით.
– როგორი ატმოსფეროა გუნდში?
– ძალიან კარგი განწყობაა, მეგობრული ატმოსფერო სუფევს. მწვრთნელის მიმართ არაჩვეულებრივი დამოკიდებულებაა აქვთ მოთამაშეებს.
მარკოიშვილი კანტუელ თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს
– თუ ადევნებთ თვალყურს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას და რას იტყვით მასზე?
– სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვადევნებ თვალ–ყურს ჩემი გრაფიკის გამო. აშკარად იგრძნობა პროგრესი სუპერლიგაში, მოიმატა გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობამ, მომრავლდნენ ლეგიონერები, გაიზარდა ინტერესი სუპერლიგის მიმართ, ჩემპიონატი დასტაბილურდა, მაგრამ ვთვლი რომ ეს სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს და ეს უნდა იყოს მხოლოდ დასაწყისი, რათა კიდევ უფრო განვითარდეს და გაიზარდოს ეროვნული ჩემპიონატის დონე. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მაქსიმუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ დახარჯული ფული არ მოგვცემს სასურველ შედეგს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. უახლოეს მომავალში კლუბის გამოცვლას ხომ არ აპირებთ?
– ამ მხრივ არანაირი სიახლე არ არის. აქ თავს კარგად ვგრძნობ და კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ.
– აუცილებლად უნდა შევეხოთ ნაკრების თემას. რა არის საქართველოს უმთავრესი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე და შანსებს როგორ შეაფასებთ?
– ვინაიდან, ჯერ–ჯერობით არაფერი არ არის გარკვეული, ვფიქრობ, ადრეა შანსების შეფასება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
– ევრობასკეტის წილისყრა 30 იანვარს გაიმართება. ვის ისურვებდით მეტოქეებად ?
– ვერ გეტყვით, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ ევრობასკეტზე სუსტი გუნდი არ არსებობს და ყველა მათგანთან მოგვიწევს მაქსიმუმის გაკეთება.
– რას ფიქრობთ ტორინ გრინზე, თვლით რომ იგი ნაკრებს ბოლომდე მოერგო?
– გრინი გადასარევად შეწყო ნაკრებს, მაგრამ ეს არ არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. არ არის ადვილი ახალ გუნდს სწრაფად მოერგო, დარწმუნებული ვარ, ის მოუმატებს და თავის პოტენციალს ბოლომდე დაგვანახებს.
– მანუჩარ, ტრავმა ხშირად გაწუხებთ, ამჟამად როგორ სათამაშო ფორმაში ხართ?
– პატარა ტრავმა ყოველთვის მაქვს, რაც ოპერაციას ყოველთვის თან მოსდევს, მაგრამ ეს ხელს არანაირად არ მიშლის. ეს მომენტი გადალახული მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ და ვთვლი რომ კარგ ფორმაში ვარ.
– როგორია თქვენი იტალიური რეჟიმი, როგორი გრაფიკი გაქვთ?
– ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული, ვინაიდან გასვლაზე ხშირად გვიწევს თამაში, ზოგადად კი უმარტივესი გრაფიკი მაქვს. დილის 10 საათიდან 1–ელ საათამდე ვვარჯიშობ. დარბაზში ყოველთვის ნახევარი საათით ადრე მივდივარ. ვარჯიშის შემდეგ ვსადილობ (ხშირად რესტორანში), შემდეგ 2 საათი ვიძინებ, რათა დავისვენო და მოვემზადო საღამოს ვარჯიშისთვის, რომელიც 5–დან 7 საათამდე გრძელდება. მერე კი მოვდივარ სახლში და ვუთმობ დროს კომპიუტერს, ინტერნეტს, ტელევიზორს… ეს არის ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე.
– თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ და თუ გაქვთ თქვენი საყვარელი ადგილი.
– ამ ბოლო დროს ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო, მაგრამ როცა ვახერხებ, სხვადასხვა ქალაქების დასათვალიერებლად დავდივარ. ხშირად კოგოში, მილანში და ასევე შვეიცარიულ ლუგანოში, რომელიც საკმაოდ ახლოსაა ჩემი ქალაქიდან. ძირითადად კი სახლში ვარ და ვისვენებ.
– რას იტყვით იტალიურ სამზარეულოზე და თუ გენატრებათ ქართული კერძები?
– იტალიური სამზარეულო ძალიან განსხვავებულია ჩვენგან. აქვთ ხორცის, თევზის, სპაგეტის სხვადასხვა სახეობები. ქართული სამზარეულო მენატრება, მაგრამ უკვე შევეჩვიე აქაურ კერძებს და თუ ძალიან მომენატრა რომელიმე ქართული კერძი, ვცდილობ მე თვითონ მოვამზადო, მაგრამ სამწუხაროდ, მზარეულობა კარგად არ გამომდის.
– თქვენ გყავთ რჩეული. (უკრაინელი ანჟელა ნიკიტინა) როდის აპირებთ დაოჯახებას. თუ შედის თქვენს უახლოეს გეგმებში ოჯახის შექმნა?
– ჯერჯერობით არ ვაპირებთ, არ ვჩქარობთ.
– იტალიაში თქვენს გარდა ასპარეზობენ ვიქტორ სანიკიძე და ნიკა მეტრეველი. თუ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს თამაშების გარდა?
– შარშან უფრო ვხვდებოდით ერთმანეთს, წელს ნაკლებად ვახერხებთ. ვიკასთან უფრო მაქვს კონტაქტი თამაშებიდან გამომდინარე, ნიკას კი ვერ ვნახულობ.
მარკოიშვილს თბილისის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის
პრიზს უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდს ვოლკოვი გადასცემს
– როგორ ერთობით თავისუფალ დროს, რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?
– ჩემი საყვარელი საქმიანობა, ჩემი ჰობი ბოულინგი და ფილმების ყურებაა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად სახლში ვარ. ვუყურებ ფილმებს, კალთბურთს, ან წიგნს ვკითხულობ. მიყვარს მეგობრებთან ერთად კინოში წასვლა და როცა ანჟელა იტალიაში ჩამოდის, ერთად ვსეირნობთ სხვადასხვა ქალაქებში.
– რომელი ქვეყნის ჩემპიონატში გინდათ თამაში, რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?
– იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ, მომწონს ქვეყანაც, გუნდიც, გარემოც. თუმცა ჩემი ერთ–ერთი ოცნება „ბარსელონაში“ თამაშია, რაც ურთულესია მისაღწევია. იმედი მაქვს, ამ ოცნებას განვახორციელებ.
– იტალიური ენა თუ შეისწავლეთ?
– იტალიური დიდი ხნის წინ ვისწავლე, საკმაოდ კარგად ვფლობ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასევე ვიყენებ რუსულსა და ინგლისურს, იშვიათად ვსაუბრობ სლოვენიურად.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება.
– არ მიყვარს ჩემს ოცნებზე საუბარი, ბევრი ოცნება მაქვს, ბევრი სურვილები, მაგრამ საუბრისგან თავს შევიკავებ.