ახალი სახე სუპერლიგაში: დომონიკ ტილფორდი

ახალი სახე სუპერლიგაში: დომონიკ ტილფორდი

ბოლო 3 სეზონის გამარჯვებული და ახლაც ჩემპიონობის ამბიციის მქონე
რუსთავული „ენერჯი–ინვესტი“ ამერიკელი გამთამაშებლით გაძლიერდა.
ქვემოქართლელებმა განაცხადში დღეს შეიყვანეს ამერიკელი გამთამაშებელი დომონიკ
ტილფორდი.

ტილფორდი საართველოში ორშაბათს ჩამოვიდა და „ენერჯი–ინვესტთან“ უკვე
ორჯერ ივარჯიშა – გუშინ და დღეს. იგი საკმაოდ ახალგაზრდა, 22 წლისაა და არცთუ ცუდი
სტატისტიკა უმაგრებს ზურგს. ტილფორდს აქამდე ამერიკის ასაკის შესაბამის ლიგებში
თამაშობდა. რა თქმა უნდა, დაიწყო სასკოლო, „ჰაი სქულების“ ჩემპიონატად წოდებულ
ლიგაში, სადაც თავისი ჯეფერსონთაუნის სკოლა რეგიონის ფინალში გაიყვანა. ის
საშუალოდ აგროვებდა 20,6 ქულას, 4,1პასს და 3,2 მოხსნას.

„ჯუნიორ კოლეჯის“ ჩემპიონატში ტილფორდმა 2 სეზონი ითამაშა. ჯერ
„ცინცინათტიში“ იყო და საშუალოდ 2,5 ქულას აკეთებდა, თუმც სათამაშო დრო ჰქონდა
მცირე – საშუალოდ 7,2 წუთი. მეორე სეზონში კი დომონიკი „ნიუ მექსიკოს“ კოლეჯში
გადაბარგდა და საშუალოდ მატჩში 18,7 ქულას, 5,3 პასს და 1,7 ჩაჭრას ითვლიდა.

ბოლო სეზონი ტილფორდმა სამხერთ ალაბამას უნივერსიტეტში გაატარა – NCAA-ს
ჩემპიონატში და საშუალოდ 12,5 ქულას და 2,6 მოხსნას ითვლიდა.

მაშ ასე, დომონიკ ტილფორდი საქართველოს ჩემპიონატის სრულუფლებიანი
წევრია და მისი დებიუტი პარასკევს, 12 მარტს, რუსთავში შედგება, როცა მისი ახალი
გუნდი „ენერჯი–ინვესტი“ შსს–ს გაეჯიბრება. 

აქვე გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ტილფორდთან…

 

– როგორ შეეგუეთ აქაურობას?

– ამერიკასა და საქართველოს შორის სასაათო სარტყელთა გათვალისწინებით სოლიდური
სხვაობაა, ამიტომ თავიდან ცოტა გამიჭირდა. თბილისშიორშაბათს ჩამოვფრინდი და
ვიმედოვნებ, რომ მალე ყოველგვარი პრობლემა მომეხსნება.

– რას იტყვი შენს ახალ გუნდ „ენერჯი–ინვესტზე“?

– რუსთაველებთან 2 ვარჯიში ჩავატარე. კალათბურთელები საკმაოდ კარგად
გავიცანი. დადებითი პიროვნებები არიან და ჩანს, კარგი მოთამაშეებიც არიან.  გუნდის სიძლიერეზე საუბარი ძნელია, რადგან არც
მეტოქეებს ვიცნობ და არც ქართული კალათბურთის დონეს.

– კარიერის გასაგრძელებლად მაინცდამაინც საქართველო რატომ აირჩიე?

– ამერიკელი კალათბურთელების უმეტესობას ევროპისკენ უჭირავს თვალი.
ნბა–ში მოხვედრა ყველას როდის შეუძლია და ამიტომ უმეტესობა თავიდანვე ევროპულ გზას
ირჩევს. მეც ევროპაში მინდა თამაში და გადავწყვიტე, საქართველოდან, კერძოდ
რუსთავიდან დავიწყო. მომავალი გვიჩვენებს, თუ რას მივაღწევ ერვოპულ კალათბურთში.

– შენი უმთავრესი პოზიცია რა არის?

– აქამდე სადაც მითამაშია, გამთამაშებელი ვიყავი. აქაც, ალბათ,
პლეიმეიკერის ფუნქციების შესრულებას დამავალებენ.

– რომელიმე შენმა ყოფილმა თანაგუნდელმა თუ მიაღწია NBA-მდე?

– როგორც მე, ასევე რაჯან რონდოც ლუისვილიდანაა. პატარაობაში ერთად
ვთამაშობდით. იგი ახლა “ბოსტონ სელტიქსის” მთავარი გამთამაშებელია და
ნბა–ში ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. 

– პირველი თამაში 2 დღეში გელის. რას პირდები გულშემატკივარს?

– მოედანზე დავდებ იმის მაქსიმუმს, რაც შემიძლია. მხოლოდ ამის
გარანტია შემიძლია მივცე „ენერჯი–ინვესტის“ გულშემატკივრებს.