ახალი წელი ქართული ლეგიონისთვის არაერთგვაროვნად დაიწყო

საახალწლო შესვენების შემდეგ ევროპის ქვეყნებში განახლდა ეროვნული ჩემპიონატები და საქართველოს წარგზავნილებიც საქმეში ჩაერთვნენ. ჩვენი ნაკრების წევრებმა გასულ დღეებში არაერთ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა, რომელთაგან ზოგმა იმარჯვა, ზოგმაც წააგო, ჩვენ კი მათ ამბებს დაწვრილებით მივყვეთ…
წარუმატებლად დაიწყო 2009 წელი მანუჩარ მარკოიშვილისთვის – მართალია, მისმა „ბკ კიევმა“ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ქართველმა უკანახაზელმა „სუმიხიმპრომთან“ ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა.
კიეველებმა სუმელები 80:67 დაამარცხეს, მარკოიშვილი კი ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთზე ოდნავ მეტი დრო გაატარა. მან მთლიანობაში 2 სამქულიანი ისროლა, თუმცა მიზანში ვერც ერთი ვერ გაარტყა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. მანუჩარის ანგარიშზე 1 მოხსნა და 1 პასიც დაგროვდა, ბურთი კი 5–ჯერ დაკარგა.
 

მანუჩარ მარკოიშვილი “სუმიხიმპრომის” ფარს უტევს
 
კიეველები უკრაინის ჩემპიონატს 12 გამარჯვებითა და 1 მარცხით ლიდერობენ.
ბალტიის ლიგაზე ითამაშა გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „როკმა“,  რომელიც თანამემამულე ტალინის „კალევს“ შეხვდა და 63:73 დამარცხდა. ცინცაძე ამ მატჩის ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა: მან 14 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა მოედანზე გატარებულ 34 წუთში. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, მან 24 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველების გუნდი ბალტიის ლიგაში მეხუთე ადგილზეა: 5 მოგება აქვს 8 წაგების წილ.
ბოლოს ესპანური პრიმერადივიზიონის ტურზეც ვთქვათ, რომელშიც მონაწილეობა საქარტველოს ნაკრების სამმა წევრმა მიიღო: ვლადიმერ ბოისამ, ტაირონ ელისმა და ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.
ამ სამიდან მხოლოდ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ იმარჯვა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 88:86 დაამაცხა „ბილბაო“. ნიკა ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მან ორივე ორქულიანი ააცილა, ხოლო სამი სამქულიანი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. „ფუენლაბრადა“ 7 გამარჯვებითა და 8 მარცხით 17–გუნდიან პრიმერადივიზიონში მე–9 ადგილზეა.
 

გიორგი ცინცაძე “კალევთან” შედეგიანად გაისარჯა
ელისის „კახასოლი“ სტუმრად „ესტუდიანტესთან“ 74:96 დამარცხდა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა უკანახაზელმა რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ თავისიანებს წაგება მაინც ვერ აარიდა. 17 ქულით ელისი მატჩის ბომბარდირი გახდა, მან მეტოქეს 5 სამიანი ჩაუგდო. მის ანგარიშზე ასევე დაგროვდა 5 მოხსნა და 1 პასი. „კახასოლი“ პრიმერადივიზიონის აუტსაიდერია, ელისის გუნდს 15 მატჩიდან მხოლოდ 2  აქვს მოგებული.
ვლადიმერ ბოისას „ვივამენორკას“ ესპანურ გრანდ მადრიდის „რეალთან“ მოუწია პაექრობა და მიუხედავად იმისა, რომ შინაურ კედლებში თამაშობდა, წაგებას მაინც ვერ ასცდა – 65:80.
ვოვა ხუთეულში იყო და სათამაშოდ 27 წუთი ებოძა. ბოისამ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო 5 სამიანიდან 3 მოათავსა „სამეფო კლუბის“ კალათში. ფარქვეშ ვოვა ცოტა მოკრძალებული იყო და 2 მოხსნას დასჯერდა.
„ვივამენორკა“ 5 გამარჯვებითა და 10 მარცხით მე–13 ადგილზეა.