ბექა ბურჯანაძემ და გიორგი შერმადინმა 2016 წელი შედეგიანი მატჩით დახურეს. „ანდორას“ ქართველი ლეგიონერები ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, სტუმრად „ტენერიფესთნ“ კარგად გაისარჯნენ, თუმცა მათ თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და ანდორელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან წააგეს – 72:89.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ბექა ბურჯანაძემ დააფიქსირა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 22-ს უწია. ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მე-2 ტაიმი შეუცვლელად ჩაატარა. საერთო ჯამში, ბექამ მოედანზე 26:59 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 12 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბურჯანაძეს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ის ანდორელთა ბომბარდირი გახდა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:16 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ სამქულიანი დისტანციიდანაც შეუტია, თუმცა, არაზუსტად, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. გასულ მატჩში სოლიდური სხვაობა კი დაფიქსირდა, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბედი ერთადერთმა კომპონენტმა გადაწყვიტა. ანდორელებმა 15-დან 6 სამქულიანი გამოიყენეს, ტენერიფელები კი პერიმეტრიდან საოცრად ზუსტად სტყორცნიდნენ, 33-დან 17 (51%) ბურთი ჩააგდეს და საკლუბო რეკორდი დაამყარეს.
„ანდორას“ 14 შეხვედრიდან 8 მოგება აქვს და პლეი ოფის ზღვრულ, მე-8 ადგილზეა. ქართველთა გუნდი მომავალ მატჩს 2017 წლის 8 იანვარს, მადრიდში “რეალთან” გამართავს.