ზაზა ფაჩულიას აქილევსი გაუმიზეზდა, რის გამოც დეტროიტში, „პისტონსთან“ ვერ ითამაშა. ატლანტელებმა გასვლითი ტურნის მეორე მატჩი ქართველი ცენტრის გარეშე მოიგეს. შეხვედრა სტუმრათა უპირატესობით წარიმართა და მათი 11-ქულიანი გამარჯვებით, ანგარიშით 114:103 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ჰოუქსის“ ცენტრალური თავდამსხმელი ალ ჰორფორდი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 23 მოხსნა მოაგროვა. 23 ქულა ჰქონდა ჯოშ სმიტსაც, ხოლო ჯეფ ტიგმა პირად ანგარიშზე 20 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
„ატლანტა“ ამ გამარჯვებით ცხრილში გვარიანად დაწინაურდა. აქამდე აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6-ზე მყოფმა „ჩიკაგოს“ და „ბრუკლინს“ გადაასწრო და მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. ფაჩულიას გუნდს 32 მოგება და 23 წაგება აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას ატლანტელები 27 თებერვალს, იუტაში ჩაატარებენ.