20-წლამდელთა პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის ნაკრებს სძლია. ეს ის ესტონეთია, 5 და 6 ივლისს ტალინში 2 საკონტროლო შეხვედრა ჯამში 54 ქულით რომ მოგვიგო და მიმდინარე ევროპირველობაზეც, 2 დღის წინ დაგვამარცხა.
6 მარცხის შემდეგ ქართველებმა ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს. დავით უსტიაშვილის გუნდმა ბალტიისპირელები 75:72 დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა. დომზალეში გამართული მატჩი თანაბარ ბრძოლაში გაილია, ბოლო წამებზე კი ქართველმა ახალგაზრდებმა უფრო იყოჩაღეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
საინტერესოა, რომ შეხვედრის დასკვნით 40 წამში ქართველებმა 6 საჯარიმო სტყორცნეს (4 სანაძემ, 2 ბურჯანაძემ) და ყველა – ზუსტად. აღნიშნულის გამო, ესტონელებს აქცენტის გაკეთება შორეულ სროლებზე მოუხდათ და მართალია, პირველ შემთხვევაში ლაანემ ზუსტად შეუტია, ზედ საფინალო სირენის წინ მისი მეორე შეტევა უკვე არაზუსტი გამოდგა.ჩვენიანთა სორის საუკეთესო შედეგი ბექა ბურჯანაძემ აჩვენა, რომელიც მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეულად ასპარეზობს. ამჯერად, მისი მონაგარი 22 ქულა და 12 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) გახლდათ. არანაკლებ შედეგიანი იყო რევაზ როგავა, რომელმაც 17 წუთში 15 ქულა და 6 მოხსნა, ათქულიან ზღვარს კი დუდა სანაძემ (11) და მერაბ ბოქოლიშვილმაც (10) უწიეს. ქართველებმა სამაგალითოდ იბრძოლეს ფარზე და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით ყველა მეტოქეს ჩამოუვარდებიან, ესტონელებს დღევანდელ მატჩში 52:38 აჯობეს.
21 ივლისს, საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 16:00 საათზე მონტენეგროს ეთამაშება, ევროპის პირველობაზე ბოლო მატჩს კი 22-ში, კვლავ 16:00 საათზე შვედეთთან ჩაატარებს.
ბოლოს ცნობისთვის გეტყვით: წლეულს ევრობასკეტის A დივიზიონიდან არავინ ვარდება, B-დან კი ოთხი საუკეთესო გუნდი (უკვე ცნობილია, რომ ესენი ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი და ისრაელი არიან) დაწინაურდება და ელიტაში გუნდების რაოდენობა ოცამდე გაიზრდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 20 ივლისი
საქართველო 75:72 ესტონეთი
17:17, 16:19, 20:19, 22:17
სრული სტატისტიკა:
http://u20men.fibaeurope.com/en/cid_FW2Ym8GSJEAe2vpbWdQMR0.gameID_8755-G-8-4.compID_UIfgjyQcGqk-fPlnl66Tj0.season_2012.roundID_8745.teamID_.html