არმიამ ძალა გამოაჩინა

არმიამ ძალა გამოაჩინა

ცენტრალური მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. ამის მიზეზი თავდაცვის
სამინისტროს გუნდის დიდებული თამაშია, რომელმაც „სოხუმი“ იოლად – 96:64 დაამარცხა.

სოხუმელებმა გასულ მატჩებში დაამტკიცეს, რომ ხელწამოსაკრავები არ
არიან და სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს გუნდისთვისაც ღირსეული წინააღმდეგობა
უნდა გაეწიათ, თუმცა ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა. „არმიამ“ პირველი მეოთხედი 26:16
მოიგო, რის შემდეგაც მეტოქე ახლოს აღარ გაუკარებია.

მატჩის დებიუტში არმიელები შეუმცდარად ესროდნენ – მიხეილ ბერიშვილმა
და ანატოლი ბოისამ პერიმეტრიდან რამდენიმე სროლა ჩააგდეს და არმიელებს სოლიდური
უპირატესობა დაუბევეს. ერთადერთი სუსტი რგოლი არმიელებში ცენტრი იყო: დავით
უგრეხელიძეს სოხუმელთა ამერიკელი მეფარეები – რიჩარდ და კარლ დამუსები საიმედოდ
მეურვეობდნენ, თუმცა ლევან მოსეშვილმა მის ნაცვლად მოედანზე რევაზ ათანელიშვილი
შეუშვა, რომელმაც სამწამიანში საკუთარი ბატონობა დაამყარა. საბოლოოდ ათანელიშვილი მატჩის
ბომბარდირი გახდა 22 ქულით.

არმიელები ხომ კარგად თამაშობდნენ და ამას ისიც ემატებოდა, რომ
სოხუმელთა ლიდერ ლაშა ფარღალავას ფეხი აწუხებდა და მხოლოდ პირველ ტაიმში, 18 წუთი
ითამაშა. არმიელთა უპირატესობამ მესამე მეოთხედში 30 ქულას გადააჭარბა და მოედანზე
სოხუმელთა ის სათადარიგოები გამოჩდნენ, აქამდელ მატჩებში მონაწილეობა რომ არ
მიუღიათ.

უნდა აღინიშნოს არმიელთა ქომაგების ტრადიციული მრავალრიცხოვნება და
აქტიურობა. სპორტის სასახლე სანახევროდ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს გუნდის
ქომაგებით იყო სავსე, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე მხურვალედ უჭერდნენ მხარს
თავისიანებს. კალათბურთელებმაც მათ მადლობა ლამაზი მოგებით გადაუხადეს.

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი, ჯერაც დაუმარცხებელი
თსუ და „დინამო“ შეხვდნენ. ამ მატჩის შედეგის გამოცნობა რთული არ გახლდათ, იმდენად
დიდი იყო თსუ–ს უპირატესობა. დინამოელები ცდილობდნენ, რომ ბევრით არ ჩამორჩენოდნენ
მეტოქეს და ამას ბოლო მეოთხედამდე ახერხებდნენ კიდეც – სხვაობა თსუ–ს სასარგებლოდ
10–14 ქულა იყო, თუმც დასკვნით პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაილაღა.
რიჩარდ მათიაშვილის ფარქვეშ შეჩერებას დინამოელები ვერ ახერხებდნენ, უკანა ხაზიდან
კი გიორგი მარხვაშვილი აქტიურობდა და ბოლო ათწულეულში თსუ–ს ლიდერობამ 30 ქულას
მიაღწია. საბოლოოდ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვა და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია 4–დან 4 გამარჯვებით.

არმია–სოხუმის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=291
თსუ–დინამოს სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=292