ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული „არმია“ გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა შსს–ს დამაჯერებლად – 99:83 მოუგო და აღნიშნული ტიტული პირველად მოიგო.
„არმია“ მეორე წელია არსებობს, თუმცა შარშან ქორქია–საკანდელიძის მემორიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. წლეულს კი თავდაცვის სამინისტროს გუნდმა აღნიშნულ ტურნირში პირველად ითამაშა და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
არმიელთა მეტოქე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი გახლდათ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე „სოხუმთამ“ დამარცხების მიუხედავად პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „არმია“ კი მეორე ჯგუფში იყო, სადაც სტუ–სა და „დინამოს“ მოუგო. ფინალი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში იყო დაგეგმილი, თუმცა კლუბების შეთანხმების საფუძველზე, კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იგი სპორტის სასახლეში გაიმართა.
მატჩის საწყისი წუთები დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ლეგიონერთა ქულებით მცირე ლიდერობა მოიპოვა. მეხუთე წუთისთვის შსს 11:10 იგებდა, თუმცა პირველი მეოთხედის დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქის ფარზე მისასვლელი გზები იპოვეს, რასაც დაცვაში მათმა მწობრმა თამაშმაც შეუწყო ხელი და შედეგი ტაბლოზე აისახა – ტუღუშის გუნდმა საწყისი ათწუთეული 25:18 მოიგო.
მეორე პერიოდიდან არმიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა. ბენჟამინ ვუდსაიდი გუნდის შეტევებს გონივრულად უძღვებოდა, ჯერემი რიჩარდსონმა სამიზნე გაისწორა, ხოლო იოაკიმ კიელბომი სამწამიან ზონაში გაბატონდა და „არმიის“ ლიდერობამ 15–ქულიან ზღვარს გადააბიჯა. პირველი ტაიმის დასრულების მაუწყებელი სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით კი ჯერემი რიჩარდსონმა თავისიანთა 27–ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა – 55:28.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ მესამე მეოთხედის 1 ქულაზე მეტით მოგება ვერ შეძლო და ნათელი გახდა, რომ დარჩენილ 10 წუთში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი 26–ქულიან ჩამორჩენას ვერ გააბათილებდა. საბოლოოდ შსს–მ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დიდი სხვაობით მარცხს თავი აარიდა. ლარი ბლერისა და რობერტ კრეპსის სიზუსტის წყალობით „არმიელთა“ ლიდერობა საფინალო სირენისთვის 16 ქულამდე შემცირდა. შედეგად, „არმიამ“ 99:83 გაიმარჯვა და მემორიალურ თასს პირველად დაეუფლა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ვუდსაიდმა (22 ქულა, 9 პასი) და რიჩარდსონმა (21 ქულა, 9 მოხსნა) დააფიქსირეს, ხოლო შსს–ში 22–22 ქულით ლარი ბლერი და რობერტ კრეპსი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულას 10 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. კრეპსს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, სრულ სტატისტიკას კი ქვემოთ წამოდგენილ ოქმში გაეცნობით.
ტურნირზე ტრადიციულად დაწესებული იყო მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ამპლუის პრიზები. საუკეთესო უკანახაზელი არმიელი ბენჟამინ ვუდსაიდი გახდა, ხოლო ფორვარდის პრიზი მისმა თანაგუნდელმა, ჯერემი რიჩარდსონმა ჩაიბარა. მემორიალური თასი არმიელთა კაპიტან ზვიად ბაბიაშვილს ნოდარ ქორქიამ გადასცა.
23 იანვრიდან სტარტს საქართველოს თასის გათამაშება აიღებს, რომელშიც სუპერლიგის მონაწილე თერთმეტივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.