არვიდას საბონისის და ბესიკ ლიპარტელიანის ერთობლივი პრეს-კონფერენცია

არვიდას საბონისის და ბესიკ ლიპარტელიანის ერთობლივი პრეს-კონფერენცია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან ერთად სასტუმრო „რედისონში“ პრეს-კონფერენცია გამართა. საბონისთან და ლიპარტელიანთან ერთად ჟურნალიტებს საქართვეკლოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და ლიტვის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი პაულიუს მოტეიუნასი შეხვდნენ.
 

მერაბ რატიშვილი, ბესიკ ლიპარტელიანი და არვიდას საბონისი
 
 
ბესიკ ლიპარტელიანი:
„არვიდას საბონისი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ევროპის ჩემპიონატის ელჩის რანგში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გვქონდა საუბარი კალათბურთის განვითარების გეგმის შემუშავებაზე. მოგეხსენებათ, ლიტვაში სპორტის ეს სახეობა რა მაღალ დონეზეა განვითარებული და მათი გამოცდილება ძალიან წაგვადგებოდა. ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა განვითარების პროექტის იმ მოდელზე, რომელიც საქართველოს მოერგებოდა. ახლა უკვე შემოშავებულია გეგმა, რომელშიც პრიორიტეტები მწვრთნელების, ახალგაზრდა კალათბურთელების, მსაჯების სწორი მიმართულებით განვითარებას, მათ აღზრდას და პროფესიულ დახვეწას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურის განვითარებას“.
 
 
არვიდას საბონისი:
„საქართველოს დიდი საკალათბურთო წარსული აქვს და ახლაც გააჩნია ის რესურსი, რომ მნიშვნელოვან საკალათბურთო ქვეყნად იქცეს. წელიწადნახევრის წინ, საქართველოში ყოფნის დროს ბესიკ ლიპარტელიანთან კალათბურთის განვითარების გეგმაზე ვისაუბრე. შემუშავებულია ერთობლივი პროგამა, რომელშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა გაცვლითი პროექტები. მოგეხსენებათ, სპორტსმენის განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება. ჩვენს პოექტში ისიც არის გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლის დონეზე მოზარდების საკალათბურთო კუთხით განვითარება“.
 
 
პროექტის დეტალებზე ბესიკ ლიპარტელიანს დაეკითხნენ: „საქართველოში კალათბურთის განვითარების პროგრამა 5-წლიანია და განხორციელდება თუ არა იგი, ეს მნიშვნელოვან წილად სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული. საბონისი და ლიტვის კალათბურთის ფედერაციის დელეგაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს შეხვდება, ასევე იგეგმება შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გაირკვევა სახელმწიფოს ჩართულობის საკითხი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“.