“ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერდა

“ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერდა

„ატლანტა ჰოუქსი“ ერთადერთი გუნდი დარჩა აღმოსავლეთ კონფერენციაში, რომელმაც წაგების გემო არ იცის. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დღეს გამთენიისას კლივლენდში „კავალერსი“ 100:88 დაამარცხა.
 
ატლანტელებმა თავიდანვე აგრძნობინეს ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილ კლივლენდელებს, რომ ამ მატჩშ წარმატების შანსი არ ჰქონოდათ. „ქორებმა“ პირველი მეოთხედი 40:27 იმარჯვეს და საბოლოოდაც გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებიათ.
 
ზაზა ფაჩულიამ 15,34 წუთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში ყველაზე მოკრძალებული სტატისტიკა გაიფორმა – 3 ქულა, 2 მოხსნა. ზაზამ ერთადერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია ახლო მანძილიდან, ხოლო 3 საჯარიმო სროლიდან მიზანში მხოლოდ 1 გაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ ფაჩულიასთვის ეს იყო პირველი გაცუდებული საჯარიმოები. აქამდელ 3 მატჩში მას 12–დან 12 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული.
 
„ატლანტა“ 4–დან 4 გამარჯვებით მთელს აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი „ქორები“ 3 ნოემბერს შინ „დეტროიტთან“ გამართავენ.