„ატლანტა ჰოუქსმა“, რომელმაც ნბა–ს რეგულარული სეზონი 5 გამარჯვებით დაიწყო, გუშინ პირველი მატჩი წააგო, დღეს გამთენიისას კი მეორე შეხვედრაც დათმო – ზაზა ფაჩულიას გუნდს ამჯერად „ორლანდო მეჯიქმა“ სძლია – 93:89.
ფლორიდაში გამართულმა მატჩმა დაძაბულად ჩაიარა. თანაბარი ბრძოლის ბოლოს ორლანდოელებმა იძალეს და 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. ორლანდოელებს 27 ქულითა და 11 მოხსნით დუაიტ ჰოვარდმა ულიდერა, ატლანტელთაგან კი საუკეთესო 23 ქულის მომხვეჭი ჯო ჯონსონი გახლდათ.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 15,38 წუთში 2 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას თამაშიდან არ უსვრია, 2 საჯარიმოდან ორივე გამოიყენა.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 10 ნოემბერს შინ „მილუოკისთან“ ითამაშებს.
ზაზა ფაჩულიას ნასროლის დაფარებას დუაიტ ჰოვარდი ცდილობს