“ატლანტამ” “ბოსტონი” დაიბრიყვა

ზედიზედ 4 მქარცხის შემდეგ „ატლანტა ჰოუქსი“ ფერზე მოვიდა და განაგრძობს ძლიერი გუნდის იმიჯის განმტკიცებას. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ დივიზიონისა და სრულიად ლიგის ფავორიტი „ბოსტონი“ ბოლო სამ დღეში მეორედ დაამარცხა. „ქორებმა“ რომ 8 იანვარს ატლანტაში 93:85 დაამარცხეს „სელტიქსი“, ამის შესახებ უკვე გამცნეთ, წუხელ კი ჯორჯიელებმა ბოსტონშიც იმარჯვეს – 102:96.
გასული შეხვედრა სამიოდ დღის წინ ატლანტას “ფილიპს სენთერში” გამართული მატჩის ტყუპისცალი გამოდგა. “სელტიქსმა” ამჯერადაც ყოჩაღად დაიწყო და უკვე მეორე მეოთხედის სტარტისთვის 14 ქულით დაწინაურდა. ამ დროისთვის დოკ რივერსის თითქმის ყველა შეგირდს თითო ქულა მაინც ჰქონდა მოპოვებული, თამაშიდან მასპინძელთა ჩაგდებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელი კი მართლაც შესაშური გახლდათ – 70.59.
“ჰოუქსი” თავის გადარჩენას ჯო ჯონსონისა და მარვინ უილიამსის (მან ზედიზედ 7 ქულა მიითვალა) დახმარებით შეეცადა, თუმცა, იქვე რაჯონ რონდოს ორი ალეი-უპი და ბრაიან სკალაბრინისა და პოლ პირსის სამქულიანები “გაეპარა” და “სელტიქსის” უპირატეოსობამ ისევ სოლიდური სახე მიიღო – 55:46.
მეორე ტაიმის დასაწყისში თავი უკვე კენდრიკ პერკინსმა გამოიჩინა და ადგილობრივი ფანები უკვე რევანშის მოახლოებაზე ფიქრობდნენ, როდესაც თამაშის ჩარხი მასპინძელთათვის უკუღმა დატრიალდა. ყველაფერი ერთ ეპიზოდს მოჰყვა, როდესაც რეი ალენის შეცდომის შემდეგ, ბურთი ატლანტელმა მარვინ უილიამსმა მოიხელთა, გლენ დევისმა კი იგი ლამის საჭიადაო ილეთით დასცა.
ამ დროისთვის, “სელტიქსი” 67:57 იგებდა, მსაჯებმა კი თათბირის შემდეგ დევისი ტექნიკური ფოლით დასაჯეს და ბოსტონელთა უბედურებებიც დაიწყო. არბიტრთა გადაწყვეტილება რივერსმა ისე მძაფრად გააკრიტიკა, რომ ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო და დარბაზის დატოვება მოუხდა, შემდეგ თავი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა არმონდ ჰილმა წამოყო და ტექნიკური მასაც ერგო.
მძიმე სასჯელის აღსრულებას ჯამალ კროუფორდი შეუდგა და სამივე ჯარიმა ჩააგდო, უილიამსმა კი ერთი ტყორცნა გამოიყენა და მართალია, სტუმართა მომდევნო შეტევა პერკინსის ბლოკ-შოტით დასრულდა, “ჰოუქსის” შეჩერება უკვე ძნელი გახლდათ. იმავე კროუფორდისა და ჯოშ სმიტის მეცადინეობით, დასკვნითი მეოთხედის წინ, “სელტიქსის” უპირატესობიდან თითქმის აღარაფერი დარჩა – 80:77.
ბოლო თორმეტწუთეულში საქმეს ხელი “ჰოუქსის” ლიდერმა ჯო ჯონსონმა მოჰკიდა, რომელმაც ზედიზედ 7 ქულა მიითვალა, პერიოდში 12 ქულას გამორჩა, სულ კი ასპარეზობა 36 ქულით დაასრულა. ჯონსონის წყალობით, ატლანტელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ნანატრი ლიდერობა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს.
ჯორჯიელთა თავკაცმა მაიკ ვუდსონმა ცხრა კალათბურთელი დატვირთა, ფაჩულიას კი მხოლოდ 6.51 წუთი ერგო, რა დროშიც მისი მონაგარი გახლდათ 2 ქულა და თითო მოხსნა-ჩაჭრა.
“ატლანტას” 37 მატჩში 25 გამარჯვება მოუგროვდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. 14 იანვრის დილას “ჰოუქსი” შინაურ კედლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის ფსკერზე მყოფ “ვაშინგტონ ვიზარდსს” უმასპინძლებს.