ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელი „ქორები“ მაიამიში ჩაფრინდნენ და იქაური „ჰითი“ დამატებით დროში 93:89 დაამარცხეს. მაიამური გუნდი ჩემპიონობის ერთ–ერთ კანდიდატად ითვლება, თუმცა ბოლო მატჩებში ლიდერთა ტრავმების გამო უიღბლობა დასჩემდა. ფლორიდულმა გრანდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ეს იმის ბრალია, რომ სუპერსამეულიდან ხან ერთი აკლდა, ხან მეორე.
კრის ბოში, დუეინ ვეიდი და ლებრონ ჯეიმსი – ეს სამი სუპერვარსკვლავი მაიამური გუნდის წარმატების საწინდარია და როცა რომელიმე მოედანზე არაა, „ჰითს“ ძალიან უჭირს. ჯერ ლებრონი იყო ტრავმირებული, რომელიც მომჯობინდა, მაგრამ შემდეგ კრის ბოში დაშავდა და მაიამელებმაც უკვე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადეს. ამჯერად ფლორიდულ გუნდს კრის ბოში აკლდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსმა და ვეიდმა კარგად ითამაშეს, „ჰითი“ მარცხს მაინც ვერ ასცდა.
თავად განსაჯეთ – ვეიდ–ჯეიმსის დუეტმა 61 ქულა დააგროვა, ხოლო „მაიამის“ ხუთეულის დანარჩენმა სამმა წევრმა ჯამში – მხოლოდ 2. ეს სამეული ჟიდრუნას ილგაუსკასი, ჯოელ ენტონი და კარლოს აროიო გახლდათ. მატჩის პირველ მეოთხედში ატლანტელებმა მეტოქეს მხოლოდ 11 ქულის ჩაგდების საშუალება მისცეს, მეორე პერიოდში კი, 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ”ჰითმა” თამაშის გათანაბრება მაინც მოახერხა. მეტიც, დიდი შესვენების შემდეგ, ატლანტელებს ერთ-ერთი ლიდერი ალ ჰორფორდი ტრავმის გამო გამოაკლდათ და საფინალო სირენამდე 2.49 წუთით ადრე 5 ქულითაც აგებდნენ, თუმცა, თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს – გამათანაბრებელი ბურთი ჯო ჯონსონმა ჩააგდო, იდეაში გამარჯვების მომტანი სამქულიანი კი ჯეიმსმა გააცუდა.
ზაზა ფაჩულია დუეინ უეიდის დაფარებას ცდილობს
ჯეიმსი ოვერტაიმშიც ძალიან აქტიურობდა და 6 სროლიდან 4 გამოიყენა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტყორცნა ააცილა. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე, როდესაც ”ჰოუქსი” 91:89-ს იგებდა, ჯეიმსმა გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და ატლანტელთა ფარის დალაშქვრა ათიოდ მეტრიდან განიზრახა, მაგრამ მიზანს ვერ უწია და ”ჰითი” მარცხისთვის გასწირა.
”მაიამის” ლიდერთა მონაგარზე ზემოთაც მოგახსენეთ, ატლანტელები კი, უფრო გუნდური თამაშით გამოირჩნენ. სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ხუთი კალათბურთელი გადასცდა, მათგან ორმა მათგანმა ორმაგ დუბლსაც უწია – ჯო ჯონსონმა 19 ქულას 10 პასი წაამატა, ხოლო ჯოშ სმიტის მონაგარი – 15 ქულა და 12 მოხსნა გახლდათ.
ზაზა ფაჩულიას რაც შეეხება, ქართველმა ცენტრმა საკმაოდ დიდ ხანს – 23 წუთს ითამაშა. ზაზამ ატლანტელებს 4 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
”ჰოუქსმა” 28 მოგება და 15 მარცხი მოაგროვა და სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის ლიდერ ”მაიამის” მხოლოდ 2 გამარჯვებით ჩამორჩება, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი – მეოთხეა. ჯორჯიელებს მომდევნო მატჩი 22 იანვრის დილას, ატლანტაში, ”ნიუ ორლეან ჰორნეთსის” (26 მოგება, 16 მარცხი) წინააღმდეგ ელით.