“ატლანტამ” მეოთხე შინაური მოიგო

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ამას წინათ წარუმატებელი გასვლითი ტური მოილია, რის შემდეგაც საკუთარ “ფილიპს არენაზე” დაბრუნდა და ზედიზედ მეოთხე მატჩია, არ დამარცხებულა. ჯორჯიელებმა ჯერ “დეტროიტს” მოუგეს, შემდეგ – “ნიუ ორლეანსა” და “იუტას”, ხოლო დღეს გამთენიისას მათ „ინდიანაც“ დაამწუხრეს.
მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში ჩავლილი საწყისი ორი მეოთხედის შემდეგ, სტუმრები შესვენებაზე სამქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ – 48:45. მესამე პერიოდში კი ატლანტელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ისინი 14 ქულიტ გალიდერდნენ. მასპინძლებს ინიციატივა არც ბოლო თორმეტწუთეულში დაუთმიათ და საბოლოოდ 101:87 გაიმარჯვეს.
ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 4 ქულისა და 7 მოხსნის მოგროვება მოახერხა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 6-ჯერ ტყორცნა, საიდანაც ორი ჩააგდო.
ატლანტელთა მხრიდან საუკეთესო გუნდის ლიდერი ჯო ჯონსონი იყო, რომელიც გუნდს 30 ქულით 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით შეეწია. რაც შეეხება ფაჩულიას უშუალო კონკურენტ ალ ჰორფორდს, მან შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 17 ქულა, 15 მოხსნა.
მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში “ჰოუქსს” 38 გამარჯვება და 28 მარცხი აქვს. მოგება-წაგებათა სერიების მონაცვლეობის მიუხედავად, აგერ უკვე ორ თვეზე მეტია გათამაშების ცხრილში “ატლანტას” მდგომარეობა უცვლელი რჩება – ჯორჯიელები სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთლიანად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებენ.
მომავალ კვირაში ფაჩულიას გუნდს მოგება-წაგებათა ბალანსის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია, რადგან ატლანტელები უახლოეს სამ მატჩს ისევ საკუთარ მოედანზე ითამაშებენ – “პორტლენდთან” (15 მარტი), “საკრამენტოსა” (17 მარტი) და “დალასთან” (19 მარტი).
 

ზაზა ფაჩულია ინდიანელთა გარემოცვაში