“ატლანტამ” “ორლანდო” მეორედ დაამარცხა

“ატლანტამ” “ორლანდო” მეორედ დაამარცხა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო მატჩებში ხელმოცარულმა „ატლანტა ჰოუქსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ მოუგო, თანაც ზედოზედ მეორედ ამ სეზონში. რატომაა გასაკვირი ეს ამბავი? „ორლანდო“ აღოსავლეთში ატლანტელებზე გაცილებით დაწინაურებულია, თანაც, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ ურთიერთშეხვედრას, ფრორიდელებმა ზედიზედ 11 დაპირისპირება მოუგეს „ქორებს“.
 
ორლანდოელების მარცხის მიზეზად შეიძლება გუნდის საკადრო ცვლილებები ჩაითვალოს. „მეჯიქმა“ 2 დღის წინ დიდ გაცვლაში მიიღო მონაწილეობა და გუნდში ერთბაშად 3 უმაღლესი დონის კალათბურთელი მივიდა (ცხადია, სხვების სანაცვლოდ) – ჯილბერტ არენასი, ჯეისონ რიჩარდსონი და ჰიდაიეთ თურქოღლუ. ამ ტრიოს ახალ გუნდთან არც კი უვარჯიშია, ისე გავიდა „ატლანტასთან“ სათამაშოდ და საბოლოოდ მთლიანობაში მხოლოდ 27 ქულა დააგროვეს – რასაც ძალიან ხშირად მხოლოდ ერთი მათგანი აკეთებს ხოლმე.
 
ატლანტელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და სოლიდურად დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი ზაზა ფაჩულიას გუნდმა 91:81 დაამარცხა „ორლანდო“ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5 ადგილი „ნიუ იორკს“ წაართვა. მომდევმო მატჩს „ატლანტა“ ხვალ, შინაურ არენაზე „კლივლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
 
ქართველმა ცენტრმა 11 წუთი ითამაშა და საკმაოდ სარგებლიანი იყო. ფაჩულიამ 7 მოხსნა, 2 ქულა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მიუხედავად სამი მცდელობისა, ზაზას თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდია, მისმა ორმა საჯარიმომ მიაღწია მიზანს.
 

ზაზა ფაჩულია და დუაიტ ჰოვარდი