26 ოქტომბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატი იწყება, დღეს გამთენიისას კი ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ ბოლო საგამოფენო მატჩი ჩაატარა და გამანადგურებელი მარცხი იწვნია – ატლანტელებმა შარლოტში „ბობქეთსთან“ 66:99 წააგეს.
წინა მატჩში ფაჩულიას გუნდმა მრისხანე „მაიამი“ დადო ბეჭებზე, თუმცა საგამოფენო მატჩებში ნაჩვენები შედეგი ანგარიშში არ მიიღება და ალბათ ამიტომაც მიუშვეს ნებაზე ატლანტელებმა „ბობქეთსთან“ თამაში.
უკვე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ფაჩულიას მწვრთნელი 17 წუთს ათამაშებს. მერამდენე მატჩია, ზაზა სწორედ ამ დროით გამოდის მოედანზე. „შარლოტთანაც“ ასე მოხდა, თუმცა ზაზა ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო, ისევე როგორც მთელი მისი გუნდი. ქართველმა ცენტრმა 1 ქულა, 1 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა.
ამ შეხვედრით დასრულდა ატლანტელების სამზადისი ჩემპიონატისთვის. 26 ოქტომბრიდან კი ახალი სეზონი დაიწყება, „ქორები“ პირველ შეხვედრას 27–ში, მემფისში, ადგილობრივ „გრიზლისთან“ გამართავენ.
ზაზა ფაჩულია ჯერალდ უოლესს ეღობება