“ატლანტამ” შინ აუტსაიდერთან წააგო

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსი“, რომელმაც სეზონი მშვენივრად დაიწყო და წუხანდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მოულოდნელი მარცხი განიცადა. მაიკ დანტონის „ნიუ იორკმა“, რომელსაც მიმდინარე სეზონში 19 მატჩიდან მხოლოდ 4 მოგება მოეპოვებინა, „ქორებს“ ატლანტაში 114:107 მოუგო.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ნიუიორკელებმა მეორე პერიოდი 29:17 მოიგეს, თუმცა მომდევნო 12–წუთეული 33:19 წააგეს და „ატლანტაც“ ქულით იგებდა. ბოლო პერიოდში სტუმრებმა მეტი მონდომება გამოიჩინეს და კრის დუჰონისა და დევიდ ლის დახმარებით საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.
ზაზა ფაჩულია 16 წუთით იყო მოედანზე, რის განმავლობაშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და თითო მოხსნა–პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ ერთნაირი წარმატებით ესროლა როგორც თამაშიდან, ისე საჯარიმოს ხაზიდან. ორივე პოზიციიდან ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 3–ჯერ იხეირა.
ამ წაგებას ატლანტელებისთვის სატურნირო ცვლილება არ გამოუწვევია. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეოთხე ადგილზეა – მის წინ „ორლანდო“, „კლივლენდი“ და „ბოსტონია“. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ დალასში ჩაატარებენ.
 

ზაზა ფაჩულია მატჩის საუკეთესო მოთამაშის,
 კრის დუჰონის დაფარებას ცდილობს