ამბიციამოძალებულ „ატლანტა ჰოუქსს“ „მილუოკი ბაქსმა“ ცივი შხაპი გადაავლო. მას შემდეგ, რაც ატლანტელებმა პლეი ოფის სერიის საწყისი 2 მატჩი მოიგეს, მიჯრით სამი დათმეს და სერიაში 2:3 ჩამორჩნენ. განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო, ამ დილას განცდილი მარცხი იყო, რადგან ამ წაფორხილებამ ატლანტელებს მოედნის უპირატესობა დააკარგვინა.
წინა 4 შეხვედრაში გუნდებმა საკუთარ მოედანზე გამართული 2–2 შეხვედრა ხომ მოიგეს და დღეს გამთენიისას ატლანტაში მორიგი მატჩი შედგა, რომელიც მიკუოკელთა გამარჯვებით – 91:87 დასრულდა.
ატლანტელებისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ისინი რთულად, მაგრამ მაინც იმტკიცებდნენ ლიდერობას და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 8 ქულითაც იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მილუოკელებმა იძალეს, რასაც ატლანტელთა ლიდერის – ჯო ჯონსონის მოედნიდან გავარდნა მოჰყვა და საბოლოოდ ფავორიტად მიჩნეულმა „ატლანტა ჰოუქსმა“ წააგო.
ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ამ მატჩში 7,32 წუთი ითამაშა და გულშემატკივარს თავი იმით დაამახსოვრა, რომ მილუოკელთა ახალბედა ლიდერ ბრენდონ ჯენინგსსა და სტაჟიან გამთამაშებელ ლიუკ რიდნურს ეკამათა. შემთხვევა იმ არასპორტულ ჯარიმას მოჰყვა, რომელიც ქართველმა ცენტრმა ჯენინგსის წინააღმდეგ მიიღო. ფაჩულიამ ფარქვეშ შეჭრილი ჯენინგსი გადამეტებული უხეშობით შეაჩერა და ეს უკანასკნელი მტკივნეულად დაეცა.
ზეზე წამოჭრილი ჯენინგსი მსაჯებმა და მილუოკელმა კურტ ტომასმა შეაჩერეს, მას ფაჩულიასთან ურთიერთობის გარკვევა სურდა. თუმცა ზაზას მაინც მოუხდა ემოციური კამათი – ჯენინგსს თანაგუნდელი ლიუკ რიდნური გამოესარჩლა, რომელიც ფაჩულიასთან მივიდა და ხმამაღლა ეკამათა. თუმცა ამ მომენტებს მსაჯთაგან რამე გადამეტებული სიმკაცრე არ მოჰყოლია – ზაზა ფაჩულიას მხოლოდ არასპორტული ჯარიმა მისცეს.
სერიის მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს მილუოკიში გაიმართება და თუკი მასპინძლები გაიმარჯვებენ, პლეი ოფის მომდევნო რაუნდის საგზურს მოიპოვებენ.
ზაზა ფაჩულია ფარქვეშ შეჭრილ ჯენინგსს ეუხეშება