ბოლოდროინდელი ჩავარდნის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ ზედიზედ მე–3 გამარჯვება მოიპოვა. „ქორები“ კანადაში „რეპტორზს“ ესტუმრნენ და 96:78 დაჯაბნეს. გარდამტეხი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ატლანტელებმა 25:11 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 10:24 წუთი გაატარა და 2-დან 1 ჯარიმა ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. “ჰოუქსის” რიგებში ლიდერობა ჯო ჯონსონმა (16 ქულა), ალ ჰორფორდმა (16 ქულა, 8 მოხსნა), მარვინ უილიამსმა (17 ქულა, 12 მოხსნა) და ჯოშ სმიტმა ითავეს. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის გარჯაა გამოსარჩევი, რომელმაც სამმაგი დუბლის (12 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი) შესრულება შეძლო.
მიმდინარე სეზონში ეს ატლანტელთათვის მე-11 გამარჯვება გახლდათ. ფაჩულიას კლუბმა სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მეორე, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი გაიმყარა . „ქორებს“ მორიგი მატჩი 2 დეკემბერს ატლანტაში „მემფისთან“ ელის.