“ატლანტას” აღზევება და დაცემა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ბოლო 2 დღეში 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარა, რომლებიდანაც 1 მოიგო და 1 წააგო. გუშინ ჯორჯიელებმა აღმოსავლეთ დივიზიონის იმ მომენტისთვის ლიდერი „ბოსტონი“ ისტუმრეს და 93:85 დაამარცხეს, ამ გამთენიისას კი „ქორები“ უკვე ორლანდოში შეხვდნენ „მეჯიქს“ და 81:113 შერცხვნენ.
სწორედ ატლანტაში დამარცხებით დაკარგეს ბოტონელებმა კონფერენციის ლიდერობა და წინ „კლივლენდი“ გაუშვეს, შესაბამისად, ატლანტელებიც მომძლავრდნენ ცხრილში, მაგრამ ისე არა, რომ მათ წინ მყოფ „ორლანდოს“ წამოწეოდნენ. თუმცა ამის შანსი ზაზა ფაჩულიას გუნდს ნამდვილად ჰქონდა – ფლორიდაში რომ ემარჯვა, „ორლანდოის“ მოგებითაც და წაგებითაც უთანაბრდებოდა, მაგრამ მასპინძლებმა შანსი არ დაუტოვეს „ქორებს“ და მთელი 32 ქულით დაჯაბნეს.
ნამატჩევს ორლანდოელთა გოლიათმა ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა თქვა – ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დამშეულები ვიყავით, თვითმფრინავში არაფერი არ გვიჭამიაო. ორლანდოელები ატლანტელებს რომ დახვედროდნენ, შინ ვაშინგტონიდან ბრუნდებოდნენ, სადაც დასანანი მარცხი იწვნიეს  აშკარად მათზე სუსტ „ვიზარდსთან“. იმ წაგებით გულდამძიმებულებმა კი დარდი კონკურენტ ატლანტელების დამარცხებით განიქარვეს. „ჯადოქრებმა“ გუნდურად ითამაშეს და ერთბაშად 7 მათგანი ასცდა 10–ქულიან ზღვარს. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ის მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა და 7 ქულა,4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 5–დან 2 ორიანი და 6–დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ბოსტონთან შეხვედრა კი ზაზასთვის ერთ–ერთი ყველაზე სუსტი იყო მიმდინარე სეზონში. 9 წუთში მან 3–ჯერ შეუტია „კელტების“ კალატს, თუმცა ქულა ვერ მიითვალა და მოედანი თითო მოხსნა–პასით დატოვა.
ხვალ ატლანტელებს ისევ „ბოსტონთან“, ოღონდ სტუმრად უწევს თამაში.
 

ზაზა ფაჩულია ბოსტონელთა ლიდერ პოლ პირსს ჰაერში ებრძოლება
 

ზაზა და ორლანდოელთა პოლონელი
ცენტრი მარცინ გორტატი