“ატლანტას” და ფაჩულიას არ გაუმართლა

ვიდეო გამეორება დასჭირდა ბოლო წამზე ატლანტელი ალ ჰორფორდის სროლის შემდეგ იმის გარკვევას – საფინალო სირენამდე იყო, თუ ჯორჯიელთა ცენტრმა მოასწრო დროულად გამარჯვების ბურთის ჩაგდება.
მსაჯები სამდივნოს მაგიდაზე მდგომ მონიტორთან მივიდნენ, გადაახვიეს ფირი და თვალნათლივ დაინახეს, რომ როდესაც ბურთი ჰორფორდის ხელს ჯერ კიდევ არ იყო მოწყვეტილი, საფინალო სირენის მაუწყებელი ფარზე მიმაგრებული ელმნათი აინთო. შესაბამისად, ჰორფორდის ჩაგდებული არ ჩაითვალა და გამარჯვება „ნიუ იორკს“ დარჩა – 99:98.
ზაზა ფაჩულიამ ამ დრამატულ მატჩში 10 წუთს ითამაშა და სროლის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიეცა, თუმცა ააცილა. ქართველმა ცენტრმა თამაში 0 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. ფაჩულიამ ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
ამ წაგებამ ატლანტელებს აღმოსავლეთში მესამე ადგილი ბოსტონელებისთვის სასარგებლოდ დააკარგვინა. მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 11 მარტს ვაშინგტონში „უიზართსთან“ გამართავს.