ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ ბოლო 2 დღეში 2 მატჩი ითამაშა, რომელთაგან პირველი მოიგო, ხოლო მეორე დამატებით დროში წააგო.
ატლანტელთა გუშინდელი მეტოქე „იუტა“ იყო, რომელიც ზოგადად ძლიერ გუნდად ითვლება, მაგრამ ჯორჯიელების პირისპირ უსუსურად გამოჩნდა. მასპინძლებმა „ჯაზმენების“ ლიდერებს – დერონ უილიამსს და კარლოს ბუზერს, რომ იტყვიან, ხელი არ გაანძრევინეს, მესამე მეოთხედში 30 ქულაზე მეტით ჩამოიტოვეს და ყველაფერიც აქ გადაწყდა.
ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 3–დან 1 ორქულიანი და ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელებმა საბოლოოდ 96:83 იმარჯვეს და იმავე საღამოს ჩიკაგოში გაემგზავრნენ, იქაურ „ხარებთან“ სათამაშოდ.
მეორე შეხვედრა ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. შედარებით ცუდი შედეგების მქონე ჩიკაგოელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ–ერთ მოწინავე გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ოვერტაიმში დაამარცხეს კიდეც.
ატლანტელებს ერთი ლიდერი ყავდათ – ჯო ჯონსონი, რომელმაც 40 ქულა მიითვალა, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ იჩაუქეს გადამწყვეტ მომენტში და ფაჩულიას გუნდი 98:101 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა და 4 ქულას, 1 მოხსნას და 3 ჩაჭრას გამორჩა. ფაჩულიამ ჩიკაგოელთა ფარს 3–ჯერ შეუტია და 2 სროლა მიზანში გაარტყა.
ეს თამაში რომ მოეგო, “ატლანტა” აღმოსავლეთში „ორლანდოსა“ და „კლივლენდს” გაუთანაბრდებოდა. ახლა კი ამ გუნდებს 1 წაგებით ჩამორჩება და მეოთხეზეა, ხოლო აღმოსავლეთის ლიდერად ისევ „ბოსტონი“ რჩება.
ზაზა ფაჩულია კარლოს ბუზერს უფარებს