ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ კრიზისშია და ვერც ქართველ ცენტრს უდგას კარიერის პიკი. „ქორებმა“ დღეს გამნთენიისას თანადივიზიონელ „მაიამის“ შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა – 75:92.
ატლანტელებისთვის ეს ზედიზედ მე–4 მარცხი აღმოჩნდა. აქამდე „ჰოუქსმა“ „კლივლენდთან“ ორჯერ და „ნიუ იორკთან“ წააგო. თუკი აქამდელ მატჩებში „ქორებს“ ბრძოლაში მოუწიათ დათმობა, მაიამიში გამართული შეხვედრაში ლამის პირველივე მეოთხედის შემდეგ გაირკვა ყველაფერი. მაიკლ ბისლისა და დუეინ ვეიდის წინამძღოლობით მასპინძლებმა საწყისი 12–წუთეული 30:14 მოიგეს და შემდეგ მეტოქე ახლას აღარ გაუკარებიათ.
ზაზა ფაჩულიამ 11 წუთი ითამაშა და მოედანი 3 ქულით დატოვა. ქართველმა ცენტრმა 3 ორქულიანი მცდელობიდან 1 გაარტყა მიზანში, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. ფაჩულიას ბოლო 10 მატჩიდან 5 ქულაზე მეტი ვერც ერთში ვერ მოუპოვებია, ხოლო მოხსნების მაქსიმალური ოდენობა 4–ით განისაზღვრება.
აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში ატლანტელები კვლავ მყარად არიან მეოთხე ადგილზე, თუმცა მდევარი „მაიამი“ უკვე არც ისე შორსაა. ატლანტელებს 21 მოგება და 12 წაგება აქვს, ხოლო მაიამელებს 17 გამარჯვება და 15 მარცხი.
ატლანტელები ნავსის გატეხვას ხვალ ლიგის ყველაზე სუსტ გუნდ „ნიუ ჯერსისთან“ შეეცდებიან.
ზაზა ფაჩულია დუეინ ვეიდს უკნიდან მოექცა