ავსტრიიდან დაბრუნებულმა ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

ავსტრიიდან დაბრუნებულმა ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

ევრობასკეტ 2013–ის შესარჩევი ტურნირის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ თბილისის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, სადაც ასევე იასპარეზებენ ბელარუსის, ესტონეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდები. საქართველოს ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
იგორ კოკოშკოვის გუნდი 17 ივლისიდან ავსტრიაში ემზადებოდა და 29–31 ივლისს მონაწილეობა მიიღო ტალინის საერთაშორისო ტურნირში. საქართველომ 4 აგვისტოს საკონტროლო მატჩი გამართა ავსტრიაში მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და შეკრებას თბილისში გააგრძელებს.
თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრები 13 აგვისტოს, ქალაქ ლაიფციგში, გერმანიის ნაკრებს შეხვდება, რითაც დაასრულებს შერარჩევი ტურნირისთვის მოსამზადებელ მატჩებს. 18 აგვისტოდან კი საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013–ის შესარჩევ ტურნირში რუმინეთთან დაპირისპირებით ჩაებმება.
დღეს, საღამოს, საქართვგელოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით სპორტის სასახლეში ივარჯიშა, როლის დასკვნითი ნაწილი პრესისა და მედიის წარმომადგენელთათვის ღია იყო. ეროვნული გუნდის ვარჯიშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მოთამაშეებმა ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
მანუჩარ მარკოიშვილი:
 ჩვენი გუნდის ძირითადი პრობლემა დაცვაში თამაშია. გასულ ამხანაგურ მატჩებში ჩვენი მეტოქეები ძალიან ადვილად შედიოდნენ პერიმეტრიდან ფარამდე და თავდასხმას ყოველგვარი გართულებების გარეშე ახორციელებდნენ. ვფიქრობ, მეტოქე გუნდების რეიტინგს და ჩვენს მარცხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, 18 აგვისტოს, ოფიციალური მატჩების დაწყებას სასურველ ფორმაში შევხვდეთ.
თორნიკე  შენგელია:
ნბა-ში თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განცდაა, თუმცა სადაც არ უნდა ვითამაშო ჩემთვის მთავარია ეროვნულ ნაკრებში მაქსიმალურად დავიხარჯო. სეზონი დატვირთული მქონდა, ემოციურადაც დაძაბული ვიყავი და არც დასვენებისთვის მქონია დრო, თუმცა  დაღლილობას არ ვუჩივი და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს სათანადო ფორმაში ვხვდები.

ზაზა ფაჩულია:
 ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჩვენს ქვეჯგუფში მყოფ ყველა გუნდს გააჩნია  და  ეს დამოკიდებულია გუნდების მომზადებასა და შემართებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დავიწყებთ თამაშს, რა განწყობა გვექნება. იმედია, ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს.
 
 

 
თბილისის საერთაშორისო ტურნირის კალენდარი
7 აგვისტო
ესტონეთი – უკრაინა          16:30
საქართველო – ბელარუსი 19:00
 8 აგვისტო
უკრაინა – ბელარუსი         16:30
საქართველო – ესტონეთი 19:00
9 აგვისტო
ბელარუსი – ესტონეთი     16:00
საქართველო – უკრაინა     19:00
ევრობასკეტ 2013–ის შესარჩვი ტურნირის კალენდარი
18 აგვისტო                 საქართველო – რუმინეთი
21 აგვისტო                 ბოსნია – საქართველო
24 აგვისტო                 საქართველო – ლატვია
27 აგვისტო                 ჰოლანდია – საქართველო
2 სექტემბერი              რუმინეთი – საქართველო
5 სექტემბერი              საქართველო – ბოსნია
8 სექტემბერი              ლატვია – საქართველო
11 სექტემბერი            საქართველო – ჰოლანდია