B დივიზიონში პირველი წრე დასრულდა

20 სექტემბერს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრე. მოგეხსენებათ, B დივიზიონის ჯგუფებში გუნდების კენტი ოდენობაა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ბოლო ტურში უქმობა მოუწია.
 
შვედეთი რომ ლუქსემბურგს იოლად მოუგებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა და საბოლოოდ სკანდინავიელებმა 96:51 იმარჯვეს. აი, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში კი ცოტა მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: სლოვაკეთმა ირლანდია სტუმრად 95:88 დაამარცხა, თუმცა ორივე ამ გუნდს უკვე თითქმის გადაწურული აქვთ პლეი ოფში გასვლის იმედი. ყოველ შემთხვევაში, ირლანდიამ ამ წაგებით საბოლოოდ გაიფორმა ჯგუფში ჩარჩენა, სლოვაკეთი კი სასწაულის იმედად თუ იქნება.
 
ირლანდია–სლოვაკეთის გასვლის შანსებზე საუბარი ცოტა უხერხულია, როცა ჯგუფს შვედეთი და საქართველო ლიდერობენ. სწორედ ეს გუნდები არიან პლეი ოფში გასვლის უმთავრესი კანდიდატები და დიდი შანსია, საბოლოოდ ისე მოხდეს, რომ ჯგუფიდან შვედეთიც გავიდეს და საქართველოც. შეგახსენებთ, რომ სამივე ჯგუფში პირველზე გასულები პირდაპირ გადიან პლეი ოფში, ხოლო მეოთხე საგზური საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.
 
ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა B ჯგუფშიc, სადაც საქართველოს სავარაუდო საპლეიოფო მეტოქე ბელარუსი კვლავაც დაუმარცხებელია. ბელარუსებმა რის ვაი–ვაგლახით, ბოლო წამებზე 81:80 მოუგეს კვიპროსელებს და ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდნენ.
 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი მატჩები მოილია
 
მაშ, ასე, B დივიზიონში ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდა და მომავალი წლის სექტემბერს მეორე წრის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები ყველა მეტოქეს – ლუქსემბურგს, ირლანდიას, სლოვაკეთს, შვედეთს – თბილისსში უმასპინძლებს და თუკი ჯგუფიდან გავა, მერე დამატებით ორი საპლეიოფო მატჩიც ელის, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში A  დივიზიონის საგზურს მოვიპოვებთ.
 
სატურნირო ვითარება
შვედეთი                  4         4      0       328:261    8საქართველო            4         3      1       352:281    7
სლოვაკეთი              4         2      2       371:345    6
ირლანდია                4         1      3       325:341    5
ლუქსემბურგი          4         0      4       253:401    4