წარმატებული უქმეები მოილიეს უცხოეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ლეგიონერებმა. ყვლეზე შთმბეჭდავი კვლავ „ესტონელების“ მონაგარი იყო და ლეგიონერთა მიმოხილვასაც ამით დავიწყებთ.ესტონური “როკის” ქართველებმა – გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს. მათი ძალისხმევით, ტარტუელებმა ბალტიის ლიგაზე გასვლით მატჩში “ვენტსპილსი” 83:75 დაამარცხეს.
ცინცაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 37 წუთი დაყო და დროის ამ მონაკვეთში 22 ქულის, 3-3 მოხსნა-პასისა და 2 ჩაჭრის გაკეთება მოახერხა. საშუალო და შორი დისტანციიდან მან ოთხჯერ ისროლა და აქედან მხოლოდ ერთხელ ააცილა მიზანს, პერიმეტრიდანაც იგივე რაოდენობის ტყორცნა შეასრულა, შედეგიანი კი ერთი გამოუვიდა. ტარტუელთა ქართველმა გამთამაშებელმა ქულების მნიშვნელოვანი რაოდენობა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა – 14 ასეთი ცდიდან, მხოლოდ ერთი გაუცუდდა.
უტევს ვიქტორ სანიკიძე
სანიკიძემაც სასტარტოში დაიწყო თამაში, მოედანზე 31 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლსაც გამოჰკრა ხელი – მის აქტივში 13 ქულა, 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარებაა.
აღსანიშნავია, რომ ცინცაძე 22 ქულით, თანაგუნდელ ბირდთან ერთად შეხვედრის საუკეთესო მექულე გახდა, მოხსნებში კი, რა თქმა უნდა, სანიკიძემ იპირველა.
ამ გამარჯვების შემდეგ, “როკს” 7 მოგება დაუგროვდა, პასივში კი 8 მარცხი აქვს და ამ შედეგით ბალტიის ლიგის გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება. მართალია, მეორე-მეოთხე პოზიციებზე მყოფ გუნდებს ტარტუელებზე მხოლოდ ერთი მოგებით მეტი გააჩნიათ, მაგრამ მათ თითო შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა “ბკ კიევმა”, რომლის რიგებშიც მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად დედაქალაქელებს სასურველი შედეგის მიღწევა საკმაოდ გაუჭირდათ.
მეთვრამეტე ტურში “ბკ კიევის” მეტოქე გათამაშების ქვედა ნაწილში მყოფი “პულსარი” იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გუნდებს ძირითადი დროის საფინალო სირენამ მაშინ მოუსწრო, როცა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში, 79:79 ენთო. ოვერტაიმში კი, დედაქალაქელებმა მეტოქეზე 8 ქულით მეტის მოპოვება შეძლეს და საბოლოოდ 92:84 იმარჯვეს.
მანუჩარ მარკოიშვილი
მარკოიშვილმა მოედანზე გატარებულ 23 წუთში 7 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ქართველის კალათბურთელის ყველა ცდა მიზანში მოხვდა – მანუმ ორივე ორქულიანი და ერთადერთი სამიანი უშეცდომოდ შეასრულა. ასე რომ, მარკოიშვილს სროლებში ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა.
როგორც უკვე ვთქვით, კიეველები ცხრილს სათავეში 16 გამარჯვებით უდგანან, მათი მდევარ “აზოვმაშს” კი კვლავ ერთი ქულით ნაკლები აქვს.
ესპანეთში კი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოირჩა.მისი ჩინებული თამაშის წყალობით პრიმერადივიზიონში “ფუენლაბრადამ” “სარაგოსას” 103:80 სძლია და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
“სკიტამ” მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და 22 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ცქიტიშვილმა 6-დან 4 სამქულიანი და 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ჯარიმა მიიღო.
მე-20 ტურში მე-4 გამარჯვება მიითვალა ტაირონ ელისის “კახასოლმა”. სევილიელებმა სტუმრად “ბრუესას” 70:63 სძლიეს, საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა კი 31 წუთში 10 ქულა, 5 მოხნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ელისმა 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
გამარჯვების მიუხედავად “კახასოლი” ბოლო ადგილზე რჩება და ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკას” ერთი მოგებით ჩამორჩება.
ბოისას კლუბმა “მურსიასთან” საშინაო მატჩი 84:94 დათმო, ხოლო ქართველმა მცველმა 15 წუთში თითო ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და თამაში 3 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა.
ბურთითაა ნიკოლოზ ცქიტიშვილი