კლუბ “ბასკონიას” მფლობელი ესპანური კორპორაცია “სასკი ბასკონიასა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ამ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ესპანურმა მხარემ ის 7 ქართველი მოთამაშე დაასახელა, რომლებიც 2018-2019 წლების სეზონს ესპანურ კლუბში გაატარებენ.
ესპანეთიდან გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, “ბასკონიამ” 3 ქართველი, რომლებიც გასულ სეზონშიც მათ კლუბში ვარჯიშობდნენ, “ბასკონიაში” დატოვა, ხოლო წელს თბილისში გამართული ერთობლივი კემპისა და მას მოყოლილი “ბასკონიას” გენერალური კემპის ფარგლებში კიდევ 4 ახალი კალათბურთელი შეარჩია. შედეგად, 2018-19 წლების სეზონში ესპანეთში დარჩებიან რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო კასაბური და საბა გიგიბერია, ხოლო მათ რიცხვს წლეულს შერჩეული პერსპექტიული ქართველი კალათბურთელები – გუგა ნაცვლიშვილი, ნიკა კიშკო, გიორგი ოჩხიკიძე და გეგა წულაია დაემატებიან.
პირველ ეტაპზე გადაწყვეტილი იყო, რომ მომავალი სეზონისთვის “სასკი ბასკონია” 3 ახალ ქართველ კალათბურთელს წაიყვანდა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე რაოდენობა 4-ამდე გაიზარდა და საერთო ჯამში, 2018-19 წლების სეზონში ესპანურ კლუბში ზემოთ ნახსენები 7 კალათბურთელი გაატარებს.