თორნიკე შენგელიას მორიგი MVP-ის ტიტული და “ბასკონიელთა” გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში. ვიტორიული გუნდი ლა კორუნიაში “მონბუსს” ესტუმრა და 81:74 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 28:21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელთა ბომბარდირი ბრაზილიელი მარსელიონიო უერტასი გახდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.
“ბასკონიამ” 8 მოგების წილ 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვიტორიელეი მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, შინ, “ბრეგანთან” გამართავენ.