მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელმა „აკადემიამ“ პირველი მატჩი
ნახევარფინალურ სერიაში წააგო. ირაკლი მიქელაძისა და ნიკა რამიშვილის „ბათუმმა“
თბილისის სპორტის სასახლეში 80:75 დაამარცხა „აკადემია“.
ზემოთ ნახსენები 2 ყმაწვილი ბათუმური გუნდის უკანახაზელები, უფრო
სწორად, სული და გულია. 16–წლამდელთა ნაკრების ეს 2 ლიდერთაგანი ბათუმურ გუნდს
ჩემპიონობისკენ მიაქანებენ. ამ ტანდემმა დღეს თავბრუ დაახვია აკადემიელთა უკანა თუ
წინა ხაზს და ბათუმელებს საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.
„აკადემიის“ დამრიგებელმა (ამავდროულად 16–წლამდელთა ნაკრების
მწვრთნელმა) გია კაზანჯიანმა კარგად იცოდა,
რომ თუკი გამარჯვება სურდა, ამ 2 მოთამაშისგან უნდა დაეცვა თავი. ამ საქმეს მისი
გუნდი თავს კარგად ართმევდა პირველ ტაიმში და შედეგიც სახეზე იყო – აკადმიელები
10–12 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედიდან ყველაფერი შეიცვალა. მანამდე
ფარქვეშ აქტიური ბექა ნადირაძე და ლერი კვანტალიანი შეიბორკნენ, ბათუმელებს კი
შედარებით ტანმაღალი მიხეილ ბოლქვაძე გამოუჩნდათ, რომელმაც სამწამიანში გაილაღა და
უმნიშვნელოვანესი ქულები მიითვალა, რის შემდეგაც „ბათუმი“ გალიდერდა და შემდეგ
მიქელაძე–რამიშვილის საზრიანი თამაშის წყალობით შეინარჩუნა მოპოვებული
უპირატესობა.
საბოლოოდ ბათუმელებმა 80:75 მოიგეს და თუკი სრიის მომდევნო მატჩს 30
აპრილს აჭარაშიც მოიგებენ, ფინალში გავლენ.
მეორე ნახევარფინალური სერია გუშინ ქუთაისში დაიწყო, სადაც
მასპინძლებმა „ვერეს“მოუგეს და 29 აპრილს თბილისში საპასუხო შეხვედრა გაიმართება. ქუთაისში
ჩატარებული პირველი მატჩის ოქმი ჩვენს ვებ–გვერდზე მოგვიანებით განთავსდება.
მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/playoff/09-10/result/182
მატჩის გალერეა: http://u-16.ge/gallery.php?cat=3&alb=527&img=603