ბათუმი სოხუმს ვერ გადაახტა

ბათუმი სოხუმს ვერ გადაახტა

სუპერლიგის თამაშები შაბათობით იმართება, თუმცა მე–6
ტური დღეს, სამშაბათს ტარდება. ტურის პირველ მატჩში „სოხუმმა“ საკუთარი
გულშემატკივარი ანერვიულა, თუმცა პირველი ტაიმის დიდი სხვაობით წაგების შემდეგ
მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ბათუმელებმა ჩინებულად დაიწყეს შეხვედრა და დამაჯერებლადაც
დაწინაურდნენ. ზღვისპირელთაგან ტრადიციულად კაპიტანი ლაშა კეშელავა გამოირჩეოდა,
სოხუმელების კაპიტანი ლაშა ფარღალავა კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მას ტრავმა
აწუხებდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ბათუმელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა,
რაც საკმარისი მიზეზი გახდა საიმისოდ, რომ მწვრთნელს ფეხმტკივანი ფარღალავა
მოედანზე შეეყვანა.

სოხუმელთა კაპიტანი მოედანზე რომ შევიდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე
1 წუთი რჩებოდა, „ბათუმი“ კი 40:22 იყო წინ. დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში
სოხუმელებმა 8:0 მოიგეს და ტაიმი ზღვისპირელთა 10–ქულიანი უპირატესობით – 40:30
დასრულდა.

განახლდა შეხვედრა და სოხუმელებმა წარმატებით განაგრძეს თამაში. ფარღალავამ
მეორე ტაიმში 24 ქულა მოაგროვა, მას პირველ ნახევარში აქტიური ირაკლი შანიძეც (27
ქულა) ეხმარებოდა და „სოხუმმა“ საბოლოოდ დიდი სხვაობით მოიგო ეს შეხვედრა.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=300 
მატჩის გალერეა: http://superleague.ge/gallery.php?cat=18&alb=414&img=3009