ბათუმის საერთაშორისო ტურნირი თურქული “ქარშიაქას” გამარჯვებით დასრულდა

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი თურქული “ქარშიაქას” გამარჯვებით დასრულდა

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 2001 წელს დაბადებულ კალათბურთელთა შორის. შეჯიბრი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა და მისი ორგანიზატორი აჭარის კალათბურთის ფედერაცია გალდათ.
ბათუმის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ტრადიციული გახდება, 3 ქვეყნის 4 გუნდი მონაწილეობდა. ბათუმს თურქული გუნდები – „ტრაბზონსფორი“ და „ქარშიაქა“, ასევე სომხური „არაბკირი“ ესტუმრნენ. ამ კლუბებს მასპინძელთა მხრიდან ოპონენტობას „ბათუმი“ უწევდა.

ტურნირის ბოლო დღეს „ტრაბზონსფორმა“ მოლოდინისამებრ სომხური „არაბკირი“ დაამარცხა, ხოლო „ქარშიაქამ“, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონი გახდა, „ბათუმს“ 62:40 სძლია. ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ოთხივე მონაწილე გუნდმა დაიმსახურა საპატიო თასები, ხოლო საპრიზო – პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს დამატებით მედლები და სიგელებიც ერგოთ.
მეოთხე ადგილზე გასული „არაბკირი“ ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბადრი შამილაძემ დააჯილდოვა. მესამეზე გასულ ბათუმელებს მედლები, სიგელები და თასი აჭარის კალათბუთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული ტრაბზონელები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.
ბათუმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ანკარის „ქარშიაქა“ აჭარაში თურქეთის სავაჭრო ატაშე მკალი დეველიოღლუმ დააჯილდოვა. ტურნირზე დასახელდა სიმბოლური ხუთეული, რომელშიც შევიდნენ: ჰოვნეს პოღოსიანი (არაბკირი), ზურა გოლეთიანი (ბათუმი), სენგო კეშელავა (ბათუმი), იგით ოზკანი (ტრაბზონი) და აჰმედ ემირმაჰმუდოღლუ (ქარშიაქა). სიმბოლური ხუთეულის წევრებს ფედერაციის მიერ დაწესებული სამახსოვრო მედალიონები დაურიგდათ.