საქართველოს სუპერლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ივერიონმა“ ვერ მოახერხა სერიის ბათუმში დაბრუნება და აჭარულ გუნდთან 85:94 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ბუბა ბერიშვილის გუნდმა სერიაში 3:1 გაიმარჯვა, ნახევარფინალში გავიდა და იქ „ქუთაისს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მანამდე „თელავს“ სძლია.
მართალია, ბათუმელებმა ეს სერია დახურეს, თუმცა მეოთხედფინალური ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ერთი წყვილი ჯერ კიდევ გამარჯვებულის მოლოდინშია. თავად შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ აჭარული გუნდი 14 ქულით, 29:15 ლიდერობდა, თუმცა მასპინძლებმა მეორე პერიოდიდან თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს — 48:38.
ნამდვილი დრამა მესამე პერიოდში გათამაშდა, როდესაც ბათუმმა ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა, რასაც „ივერიონის“ ფანტასტიკური „აფეთქება“ მოჰყვა. მასპინძლებმა სულ რაღაც 3:30 წუთში წარმოუდგენელი 23:2 გაქცევა განახორციელეს: ყველაფერი მიქაელ უგრეხელიძის და აიზია ადო-ანკრას ზუსტი 3-ქულიანებით დაიწყო, რასაც ბრენდონ მილერის შორი სროლა და ვლადიმერ თავაქარაშვილის მიერ ჩაგდებული საჯარიმოები მოჰყვა. მასპინძელთა რიგებში შედეგიანობა კვლავ ადო-ანკრამ, თავაქარაშვილმა და ჯეზიაჰ ვესტმა გააგრძელეს, რის შემდეგაც მილერმა მორიგი შორი სროლით „ივერიონი“ 64:58 დააწინაურა. მიუხედავად ასეთი შოკისა, ბათუმელები არ გატყდნენ და გიორგი ოჩხიკიძის, გეგი ბაქრაძის და მაირინ ტომასის ქულებით ლიდერობა მალევე დაიბრუნეს, რის შედეგადაც გადამწყვეტი პერიოდის წინ სტუმრები ისევ წინ იყვნენ — 67:64.
ბოლო მეოთხედში ბრძოლა აღარ შედგა, ბათუმელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე მშვიდად მივიდნენ, სადაც საუკეთესო შედეგი მაირინ ტომასმა (33 ქულა, 14 მოხსნა), გიორგი ოჩხიკიძემ (16 ქულა, 7 პასი) და დავით ლომიძემ აჩვენეს. გორის „ივერიონისთვის“ სეზონი დასრულდა, ხოლო სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტი 3 მაისს, ზესტაფონში გამოვლინდება, სადაც „მარგვეთისა“ და „ორბის“ სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი გაიმართება — სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს ელოდება ნახევარფინალში ვიცე-ჩემპიონი თსუ.