მას შემდეგ, რაც „ბათუმი“ დავით უსტიაშვილმა დატოვა,
ძღვისპირელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა. გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ბათუმელები მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაამთავრებდნენ სეზონს,
თუმც ვარაუდი არ გამართლდა.
„ბათუმში“ მთავარ მწვრთნელად მიხეილ კობეშავიძე მივიდა, რომელიც ბოლო
3 სეზონი აგრარული უნივერსიტეტის გუნდს თავკაცობდა. კობეშავიძემ პირველ წრეში ახალგაზრდა
მოთამაშეებით დაკომპლექტებულ სსაუ–ს 2 თამაში მოაგებინა (ერთით ნაკლები, ვიდრე
უსტიაშვილმა – ბათუმს). წინა 2 სეზონი უფრო ნაყოფიერი იყო ამ სპეციალისტისთვის:
აგრარულ უნივერსიტეტს 2009–10 წლების სეზონში საქართველოს თასი და სუპერთასი
მოაგებინა, ხოლო იმის წინა ჩემპიონატში ფინალში გაიყვანა.
მიხეილ კობეშავიძე ბოლო წლებში საქართველოს ჭაბუკთა (18–წლამდელები)
ნაკრებსაც წვრთნიდა, თუმც ბოლო ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) შემდეგ იგი
ამ პოსტს დაემშვიდობა. კობეშავიძე ბათუმში ადრეც მუშაობდა – როცა „ბასკო“ ეროვნულ
ჩემპიონატებს იოლად იგებდა და მისი საკალათბურთო სკოლა გამართულად ფუნქციონირებდა.
მაშინ მიხეილ კობეშავიძე ბათუმელთა ახალგაზრდულ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ახალ
მწვრთნელს ბათუმში დღეს ელოდნენ, კობეშავიძეს ძღვისპირელთა გუნდში თანაშემწეებად
გარი არინინი და ლაშა ოჩხიკიძე ეყოლება.
თუკი ბათუმში ახალი მწვრთნელი მიდის, გუნდიდან ერთი მოთამაშე წავიდა. 18
წლის ნოდარ თენიეშვილი, რომელიც შედეგებით ბათუმელთა ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე
იყო, კარიერას სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.