ბელარუსები უფერულად ჩამოვიდნენ

ბელარუსები უფერულად ჩამოვიდნენ

არავითარი მწვანე, წითელი ან თეთრი – ბელარუსის ნაკრების წევრები ტანმაღლები რომ არ ყოფილიყვნენ, აეროპორტში ვერც კი მიხვდებოდით, კალათბურთის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა თუ რიგითი მგზავრები არიანო. ბელარუსის ნაკრები სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი ესტუმრა თბილისს – მათ არ ეცვათ ერთნაირი სპორტული ფორმა და ვერსად ვერ დაინახავდი მათ ეროვნულ დროშას,ეს ნიუანსია, მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ ბელარუსები მთლად იმედიანად არ არიან განწყობილნი. მათ ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ თითქოს პლეი ოფის მატჩის სათამაშოდ კი არა, სამძიმარზე იყვნენ ჩამოსულები. ერთადერთი, რის გამოც ოდნავ გახალისდნენ, თბილისური თბილი და მზიანი ამინდი იყო.სტუმართა მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ პოპკოვს დანა პირს არ უხსნიდა – ესა თქვა, კარგი ამინდიაო და კალათბურთზე ლაპარაკს თავი აარიდა. მათი დელეგაციის ერთ–ერთი წევრი ტაირონ ელისის საკითხით დაინტერესდა, ითამაშებს თუ არა ხვალო. თუმცა საკუთარ კითხვას თავადვე უპასუხა: წესით არ უნდა ითამაშოსო, მაგრამ ყველა წესს აქვს გამონაკლისიო.ბელარუსები სასტუმრო „GTM-კაპან”-ში დაინავდნენ, ისადილეს და საღამოს ვარჯიშისთვის მოსადუნებლად ოთახებში გაუჩინარდნენ.

ალექსანდრ პოპკოვი
ალექსანდრ პოპკოვმა კომენტარი მოგვიანებით, ბელარუსთა ვარჯიშის შემდეგ, სპორტის სასახლესთან გააკეთა:–  შაბათს თამაში ქართველებს რამდენადაც კარგად გამოუვიდათ, იმდენად ცუდად გავისარჯეთ ჩვენ. საქართველოს ნაკრების არაერთი მატჩი მაქვს ნანახი და თამამად შემიძლია ვთქვა – მოგილიოვოში საუკეთესო თამაში უჩვენეთ. ვლადიმერ ბოისამ სწორედ ჩვენთან ისროლა სამქულიანები საოცარი სიზუსტით. ზაზა ფაჩულიამაც დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრა. იგი მაღალი კლასის კალათბურთელია. ჩემთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ ქართველებმა გასვლითი შეხვედრა მეტად მშვიდად ჩაატარეს. არადა, როგორც წესი სამხრეთელები იმპულსურები არიან… შაბათს ისინი ყველა შეტევას აკადემიურად წარმართავდნენ და ბოლომდე მშვიდად მიჰყავდათ. გყავთ მაღალი კლასის სერბი მწვრთნელიც. თუმცა, იცით, რა იყო ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი?- რა?- სათადარიგოების კარგი თამაში. ვიცოდი, რომ მატჩის სიმძიმე ძირითადად 6 კალათბურთელზე გადადიოდა, მაგრამ ბელარუსში საქართველოს ნაკრების სათადარიგო კალათბურთელებმა სასტარტოებზე არანაკრებ კარგად ითამაშეს. ბევრი რამ მათმა გარჯამაც გადაწყვიტა.
ბელარუსები 9 სექტემბერს შუადღეს ერთხელაც ივარჯიშებენ და საღამოს ქართველებთან დაპირისპირებაც ელით.
ესეც ბელარუსთა შემადგენლობა:
 
4                          პაველ ულიანკო
5                           იგორ მეშჩერიაკოვი
6                           სერგეი ჩარიკაუ
7                          დიმიტრი კუზმინი
9            მიხაილ ალექსეევი
10          დიანის კორშუკი
12          ალექსანდრ პუსტავარ
13          ჰეორი კანდრუშევიჩი
14          ალექსანდრ კუდრიავცევი
15          ალექსეი ტრასინეცკი
21          ალექს კოჟენეცი
23          ვალერი განდლინი
 
მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრ პოპკოვი
ასისტენტი – რუსლან ნატსკო
 

ბელარუსები აეროპორტში