პოლონეთის ნაკრები თბილისშია. ბელარუსი იგორ გრიშჩუკის გუნდი 31 ივლისს, საქართველოსთან მატჩამდე 2 დღით ადრე ჩამოვიდა თბილისში. მიუნხენის რეისს ჩამოყოლილ პოლონელებს თბილისის აეროპორტში ტელევიზიის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩვენს საორშაბათო მეტოქეს ჩამოჰყვა ქვეყნის პირველი საკალათბურთო პირი, პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომან ლუდვიჩუკი.
განსაკუთრებული ყურადღება სლავთა ნბა–ში მოთამაშე ცენტრის, ორლანდოელი მარცინ გორტატის მისამართით იყო, რომელმაც დაუნანებლად დაურიგა ინტერვიუები ჟურნალისტებს. აი, პოლონელთა მწვრთნელი იგორ გრიშჩუკი კი ცდილობდა უშუალოდ მატჩზე არ ელაპარაკა და ჩვენთან საუბარშ ამგვარ კითხვებს თავს არიდებდა.
იგორ გრიშჩუკი
„თბილისში კარგი განწყობით ჩამოვედი – აღნიშნა გრიშჩუკმა – აქ მე არაერთხელ ვარ ნამყოფი, როცა მინსკის გუნდის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვმონაწილეობდით. თბილისის „დინამოში“ არაერთი კარგი ნაცნობი მყავს, გამეხარდება მათი ნახვა“.
– ჩვენი ჯგუფის ფავორიტად რომელ ნაკრებს მიიჩნევთ?
– საქართველოს.
– თვენს გუნდს რომელიმე მოთამაშე ხომ არ აკლია?
– ნაკრების ვეტერანმა და ძალიან გამოცდილმა მოთამაშემ, შიმონ შევჩიკმა ფეხის ოპერაცია გაიკეთა და ვერ გვეხმარება.
– ამიტომაც უხმეთ გუნდში ამერიკელს?
– თქვენც ხომ გყავთ ამერიკელები. ჩვენც მოგვეცა შანსი და უარი არ ვთქვით ტომას კელატიზე. მან პოლონელი ცოლი მოიყვანა და ქვეყნის მოქალაქეობაც ამ გზით მიიღო.
– მარცინ გორტატი შეკრებაზე გვიან რატომ ჩამოვიდა?
– ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელთა ხვედრი ასეთია. ისინი ყოველთვის გვიან ჩამოდიან. საქართველოს ნაკრებსაც ხომ ანალოგიური პრობლემა აქვს?
– ზაზა ფაჩულია 5 ივლისიდან გუნდთან ერთადაა…
– ეგ კარგია, ყოჩაღ ზაზას. გორტატი 20 ივლისს შემოგვიერთდა და ნაკრებთან ერთად მხოლოდ 2 მოსამზადებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– და იმ მატჩებშიც ძალიან კარგად ითამაშა…
– არა უშავს, კარგად ითამაშა, მაგრამ უმჯობესი იყო, მანამდეც გვყოლოდა.
– იტალიის ოთხთა ტურნირზე?
– თუნდაც მანდ. გუნდს უფრო მეტად შეეწყობოდა.
– რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მომავალ მეტოქესთან ამხანაგური მატჩის გამართვა? იტალიურ ტურნირს ვგულისხმობ, სადაც ბულგარეთიც გამოდიოდა.
– რა მოხდა მერე, ეს ხომ მოსამზადბელი მატჩია.
– რას იტყვით იმ ტურნირზე?
– ბულგარეთმა ჩვენ 8 ქულა მოგვიგო, მაკედონია იოლად დაამარცა, ხოლო მასპინძელ იტალიას დრამატულ მატჩში ქულით აჯობა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბულგარელებს ძლიერი მოთამაშეები და კარგი გუნდი ჰყავთ.
ამ ლაპარაკში „ქორთიარდ მარიოტსაც“ მივადექით და პოლონელები სასტუროში შევიდნენ. ისინი მოშიებულები იყვნენ და შედგეს თუ არა ფეხი „მარიოტში“, მზარეული მოიხმეს და სადილი შეუკვეთეს. წინასწარ შედგენილ გრაფიკში იყო ჩასმული, მაგრამ პოლონელებმა გუშინ საღამოს არ უვარჯიშიათ. გრიშჩუკის გუნდი დღეს, 1 აგვისტოს, სპორტის სასახლეში 13 საათზე ივარჯიშებს.
პოლონელების სამატჩო განაცხადი ასეთი იქნება:
4 მიხალ ჩილინსკი
5 დარდან ბერიშა
6 მაციე ლამპე
7 კჟიშტოფ ჟუბარგა
8 ფილიპ დილევიცი
9 ზბიგნევ ბიალეკი
10 ადამ ჰრიშანიუკი
11 ლუკაშ მაჟევსკი
12 ტომას კელატი
13 მარცინ გორტატი
14 ადამ ლაპეტა
15 ლუკაშ კოჟარეკი
მთავარი მწვრთნელი – იგორ გრიშჩუკი
ასისტენტები – კჟიშტოფ ჟაბლოვსკი, პაველ ტურკიევიჩი
პოლონელ მოთამაშეთაგან მხოლოდ მარცინ გორტატს არ ეცვა ნაკრების ფორმა
პოლონელები “ქორთიარდ მარიოტში”
“მარიოტში” მისულ პოლონელებს შემთხვევით მანუჩარ მარკოიშვილი
შეხვდა და ტომას კელატის გამოელაპარაკა