ბელარუსიდან დაბრუნებულ ნაკრებს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს

ბელარუსიდან დაბრუნებულ ნაკრებს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს

აეროპორტის შიდა გამოსასვლელიდან რომ გამოვიდნენ, ვესტიბიულში მყოფმა ხალხმა ტაში დაუკრა და „სა–ქა–რთვე–ლო“ ომახიანად დასჭექა. ასე შეეგებნენ ბელარუსიდან გამარჯვებით დაბრუნებულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახლობლები, ჟუნალისტები და აეროპორტში შემთხვევით მყოფი ხალხი. პირველი ზაზა ფაჩულია გამოვიდა, მას გუშინდელი მატჩის დანარჩენი გმირებიც გამოჰყვნენ და მილოცვები თუ ინტერვიუებიც გახურდა.
მართალია, წინ ბელარუსთან საპასუხო მატჩია, მაგრამ ჩვენიანთა ქომაგებს რომ უთხრა, A დივიზიონში ვერ გადავალთო, შესაძლოა, გიჟად ჩაგთვალონ. ბელარუსში გამარჯვების შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენები ელიტაში გადავლენ და დღეს აეროპორტში დასახვედრად მისული ხალხის უმეტესობა სწორედ ამას ულოცავდა ჩვენს კალათბურთელებს.
 
ზაზა ფაჩულია:”პლი ოფის არაერთი მატჩი მითამაშია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი ძალისმიერ შეხვედრაში ამერიკაშიც არ მითამაშია. ბელარუსი თამაშით რომ ვერაფერს გახდა, ჭიდაობაზე გადმოვიდა. ჩვენც მტკიცედ დავუდექით. იყო პროვოკაციები, რომლებზე წამოგებაც ჩვენი გუნდისთვის კარგის მომტანი არ იქნებოდა. მე თავი შევიკავე და მეტოქეს პასუხი არ გავეცი, ელისმა ვერ მოითმინა, თუმცა სასიამოვნოა, რომ თბილისში ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გარეშე დავბრუნდით”.
 
კოტე ტუღუში:
„უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. გააზრებული და ლაღი კალათბურთი ვითამაშეთ და საბოლოოდ დაგვიფასდა კიდეც. ამ გამარჯვებაზე აღარ ვფიქრობთ, წინ 9 სექტემბრის მატჩია და უკვე ბელარუსთან საპასუხო დაპირისპირებისთვის ვემზადებით. როცა ბელარუსებს აქაც მოვუგებთ, აი, მერე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას“.
 ვიქტორ სანიკიძე:”იოლი მატჩი არ იყო. მესპინძლებმა სერიოზული ბრძოლა გაგვიმართეს, თუმცა ჩვენი თამაშის დემონსტრირება მოვახერხეთ და შეგვეძლო დიდი სხვაობით მოგებაც. თუმცა, სტუმრად 14-ქულიანი გამარჯვებითაც კმაყოფილნი ვართ”.
 
 

ვლადიმერ ბოისა:
„საკმაოდ ძლიერ გუნდს მოვუგეთ და ეს იმის დამსახურებაა, რომ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები და გუნდური კალათბურთი ვითამაშეთ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და გამარჯვებაში წილი ყველას მიუძღვის. ბელარუსები ბინძურად თამაშობდნენ და ცდილობდნენ, წყობილებიდან გამოვეყვანეთ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ფორა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავზოგავთ. თბილისშიც დიდი სხვაობით მოგებას ვეცდებით, რათა ჩვენი გულშემატკივრები საბოლოოდ გავახაროთ“.
 
ანატოლი ბოისა:”პროგრამა მინიმუმი ბელარუსში გამარჯვება იყო. ჩვენ კი პროგრამა მაქსიმუმი სევასრულეთ – 14 ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ. მომდევნო შეხვედრას კარგი განწყობით ვხვდებით”.
 
 
მერაბ რატიშვილი, ეროვნული ნაკრების მენეჯერი:
„ტაირონ ელისის საქმე სავარაუდოდ ხვალ, ფიბა–ევროპას შტაბ–ბინაში გაირკვევა, სადაც დისციპლინარული კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, თუ რა სასჯელს მიიღებს ელისი. შესაძლოა, გამოატოვებინონ მომდევნო მატჩი, შეიძლება – არა. ჩემი ვარაუდით, ალბათ ითამაშებს ბელარუსთან, რაკი მეტოქისთვის ხელი არ დაურტყამს. ვნახოთ, რა იქნება“.

ზაზა ფაჩულია

ლაშა გამყრელიძე და ვიქტორ სანიკიძე

სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური დაკალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი

ვლადიმერ ბოისა და თორნიკე შენგელია

დავით უსტიაშვილი და იგორ კოკოშკოვი

ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებს ესაუბრება

ლაშა გამყრელიძე

მერაბ რატიშვილი და ანატოლი ბოისა

“ლელოს” ჟურნალისტი ნაკრების წევრებს ავტობუსამდე მიჰყვა

ნაკრები სასტუმროსკენ გაემგზავრა – შეკრება გრძელდება…