ბელგიას ბედმა უმუხთლა: ლიდერი დაუშავდა და 30 ქულით განადგურდა

ბელგიას ბედმა უმუხთლა: ლიდერი დაუშავდა და 30 ქულით განადგურდა

გადაწყვეტილია, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიას გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, ექს–რეალელი, ამჟამად ესპანური „ბილბაოს“ წევრი ალექს ერველი არ ეყოლება.
 
ერველისთვის საბედისწერო გამოდგა ბელგიის ნაკრების ბოლო საკონტროლო მატჩი, რომელიც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საფრანგეთთან გამართა. საქართველო ვილნიუსში ლიტვას რომ ტოლსწორად ეთამაშებოდა, ბელგიელები საფრანგეთში ნადგურდებოდნენ. მატჩი ქალაქ ლევინში გაიმართა და ფრანგების შთამბეჭდავი გამარჯვებით – 74:44 დასრულდა.
 
ამ შედეგზე ცუდი ბელგიელთათვის ისაა, რომ მოედანზე გასვლიდან 45 წამში გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ალექს ერველმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. აღმოჩნდა, რომ ევრელს მუხლის მყესები დაუზიანდა და ის 3 კვირის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ბელგიურმა მედიამ უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, თუ ვინ შეცვლის ერველს. როგორც ვარაუდობენ, ბელგიელთა ტრავმირებული ფორვარდის ადგილს ან დიჯეი მბენგა, ანაც ჟან მარკ მვემა დაიკავებს.
 
რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, ის ფრანგების ულაპარაკო უპირატესობით წარიმართა. ბელგიელებმა, რომლებმაც ამას წინათ გამართულ ამხანაგურ ტურნირში ტოლ–სწორი ბრძოლა გაუმართეს გერმანიას, საბერძნეთს და თურქეთს, წუხელ ფრანგებთან სასტიკად შერცხვნენ. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი მეოთხედი ბელგიელებმა 6:28 (!) წააგეს.
 
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას ბელგიელები კარგი განწყობით ვერ ხვდებიან: ერთ–ერთი ლიდერი გამოაკლდათ და ზედ ჩემპიონატის წინ 30–ქულიანი მარცხიც იწვნიეს.
 
ამხანაგური მატჩი. 27 აგვისტო
საფრანგეთი 74:44 ბელგია
28:6 7:13 26:16 13:13
ბელგია: მურსი, როსომი (8), ბეგინი (13), ევრელი, ოვენეკე, ტაბუ (2), ლოუერსი, მუიუ (4), ფეისონი (4), დე ზეუვი (6), ვან დენ შპიგელი (9), შტეინბახი