ბელგიასთან დავმარცხდით, მაგრამ რეალურ შანსს ვინარჩუნებთ

ბელგიასთან დავმარცხდით, მაგრამ რეალურ შანსს ვინარჩუნებთ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 20 აგვისტო. 19:00
საქართველო 63:86 ბელგია
18-15, 11-21, 17-29, 17-21
მსაჯები: ომერ ესტერონი (ისრაელი) სპირიდონ გონტასი (საბერძნეთი), ვიქტორ ბოჟენარი (უკრაინა)
კომისარი: პლამენ გენჩევი (უნგრთი)
 

 
 
 
საქართველოს ნაკრებმა კარგად დაწყებული საქმე შედეგიანად ვერ გააგრძელა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი, რომელიც ბელგიასთან მატჩამდე სავსებით რეალური იყო, კითხვის ქვეშ დააყენა. მიუხედავად ბელგიასთან შინაური მარცხისა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის არცთუ ურიგო შანსი დარჩა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა რომ მოგვეგო, მიზანი თითქმის მიღწეული იქნებოდა.
 
საქართველოს ნაკრებს 6 თამაშიდან 3 მოგება და 3 წაგება აქვს, ხოლო დარჩენილ 2 შეხვედრასაც თუ მოიგებს, დიდი შანსია, მეორე ადგილი დაიკავოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც მოხვდეს, თუკი, რა თქმა უნდა, სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებს ნაჩვენები შედეგით აჯობებს.
 
ეს ყველაფერი ჯერ ვარაუდია, რეალურად რა მოხდება, ამ თვის დარჩენილ დღეებში გამოჩნდება. საქართველომ თუ პორტუგალიაშიც (26 აგვისტოს) იმარჯვა და თბილისში ბულგარელებიც (29 აგვისტოს) დაამარცხა,  სავარაუდოდ, მიზანს მიაღწევს და ამიტომაც, საჭიროა, ბელგიასთან განცდილი მარცხი მალევე ამოიგდონ ჩვენმა ბიჭებმა თავიდან.
 
ეს შეხვედრა მართლაც ამოსაგდებია მეხსიერებიდან, ანაც სამაგალითოდ გამოდგება, რათა მომავალში ასეთი შეცდომები არ დავუშვათ. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კი კარგად დაიწყო და დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ბელგიელებმა ინიციატივა ხელთ იპყრეს და თამაში ისე დაალაგეს, რომ დარჩენილ დროში უპირატესობა მხოლოდ მათ სასარგებლოდ იზრდებოდა.
 
მედგარ დაცვას ბელგიელებმა შორი და რაც მთავარია ზუსტი სროლები შეუზავეს, თითქმის ყველა შეტევას ზუსტად აგვირგვინებდნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენებს კი უჭირდათ შედეგიანი შეტევების ორგანიზება, რაც ისევ და ისევ ბელგიელთა გააზრებული დაცვისა და ზომიერი პრესინგის ბრალი იყო. საბოლოოდ მეტოქემ ისე ჩაამთავრა თამაში, რომ ქართველებისთვის შანსი არ მიუცია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ეს შეხვედრა, რომ იტყვიან, ჩააგდო და სავარაუდოდ, ამ წაგებიდან ჩვენი ნაკრების წევრები სწორ დასკვნებს გამოიტანენ.
 
წინ პორტუგალიაში გასამართი არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუკი წარმატებას მივაღწიეთ, ჯგუფიდან გასვლის შანსები შედარებით რეალური და ხელშესახები გახდება.