სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე ბექა ბურჯანაძემ. საქართველოს ნაკრების წევრი ლაკორუნიული „ლეიმა ბასკეტის“ ღირსებას იცავს და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მორიგი ტურის მატჩში, რომელიც „ლეიმა ბასკეტმა“ სტუმრად, „პრატ ხუვენტუტთან“ ჩაატარა, ბურჯანაძემ თავისიანებს 20 ქულითა და 9 მოხსნით ულიდერა.
ქართველი ფორვარდის შედეგიანმა თამაშმა დიდად განაპირობა ლაკორუნიელთა გამარჯვება. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე, სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა – 69:63.
ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 27:55 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მან საბოლოოდ 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბექამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი მასპინძლებმა 5-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.
10 მოგებითა და 13 მარცხით „ლეიმა ბასკეტი“ 15-გუნდიანი ლიგის მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 20 მარტს, შინ „ოვიედოსთან“ ელის.