ბექა ბურჯანაძის ბენეფისი გიორგი შერმადინის დაბადების დღეს

ბექა ბურჯანაძის ბენეფისი გიორგი შერმადინის დაბადების დღეს

ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გიორგი შერმადინის დაბადების დღეს შედგა. ქართველი ლეგიონერების გუნდი „მორაბანკ ანდორა“ მორიგი ტურის მატჩში შინ „ესტუდინტესს“ შეხვდა და ბურჯანაძის ლიდერობით გამარჯვება მოიპოვა – 87:83.

შერმადინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის იანვრისა და მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, შედეგიანი იყო, თუმცა მატჩის საუეკეთესო მოთამაშე ბურჯანაძე გახდა. 22 წლის ქართველი ფორვარდისთვის „ესტუდიანტესთან“ ჩატარებული მატჩი მიმდინაარე სეზონში საუკეთესო იყო. ბექამ შეხვედრის ბოლო პერიოდში 16 (!) ქულა ჩააგდო და ანდორელთა გამარჯვება პირადად განსაზღვრა.
მატჩის გმირი ბექა ბურჯანაძე გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31:10 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, 16 ქულა (!) ქულა დასკვნით მეოთხედში მიითვალა. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ანდორელთა კიდევ ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა, რომელსაც დღეს 28 წელი შეუსრულდა. ის თამაშს 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე კი გამოეთიშა, თუმცა, მანამდე, მოედანზე გატარებულ 19:44 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მორაბანკ ანდორამ” 13 მოგება და 12 მარცხი დააგროვა, რითაც პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-8 ადგილი გაიმყარა. ანდორელები მომდევნო მატჩს 8 აპრილს შინ, ერთ-ერთ ლიდერ “ტენერიფესთან” გამართავენ.