ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და პირველი MVP-ის ტიტული

ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და პირველი MVP-ის ტიტული

ბექა ბურჯანაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მისმა გუნდ “დელტეკომ”, რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება “მურსიას” უმასპინძლა და 67:81 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც 6 ქულის სხვაობით, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდში მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბურჯანაძე გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 33:14 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ხუთივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ. 

2 მოგებითა და 9 მარცხით “დელტეკო” ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 15 დეკემბერს, ბურჯანაძის ყოფილ გუნდს “ანდორასთან”, სტუმრად ჩაატარებს.