ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი ნახევარფინალში დასრულდა

ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი ნახევარფინალში დასრულდა

ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში უმაღლესის საგზურისთვის მებრძოლ მის „კორუნა ბასკეტს“ მიზნამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ლაკორუნიელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ტუმრად, „მელილასთან“ 82:88 წააგეს და პლეი ოფიდან გამოვარდნენ.
არადა, ბურჯანაძის გუნდი აღნიშნულ სერიას 2:1 იგებდა და ფინალამდე 1 მოგება აკლდა, მაგრამ ლაკორუნიელებმა შინაურ არენაზე ვერ მოიგეს და წუხელ გასვლითი შეხვედრაც დაძაბულ ბრძოლაში წააგეს.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო სერხიო ოლმოსი.
უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ფინალურ სერიაში „მელილა“ და „პენას ჰუესკა“ იბრძოლებენ.