გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ილინოისელები სტუდენტური ლიგის მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელ “მიჩიგანს” შეხვდნენ და 71:62 დაამარცხეს. “მიჩიგანი” “ილინოისის” თანაკონფერენციელია, თუმცა ეს თამაში არ გახლდათ Big Ten-ის შიდასაჩემპიონატო. კონფერენციების ჩემპიონატები სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.
თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. რეიტინგის მოწინავე გუნდის დამარცხება გამორჩეული საქმეა. თანაც , ილინოისელებს 2013 წლის შემდეგ საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელი დამარცხებული არ ჰყავდათ. გასახარია, რომ ამ გამარჯვებაში სოლიდური წილი სწორედ ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. გიორგი ბეჟანიშვილი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო და საკვანძო ფიგურა გახლდათ.
ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეორე ტაიმის მნიშვნელოვან მომენტებში გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ მეტოქეს დაუფარა, შემდეგ ცალი ხელით ეფექტური შესვლის მერე ჩატენა და ბოლოს მნიშვნელოვანი მოხსნა მოიპოვა მეტოქის ფარზე. როცა, გიორგიმ ჩატენა, მან ილინოისის 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა ფავორიტთან მატჩში.