ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის გამარჯვებული 16 წლის გოგა ბითაძის „მეგალეკსი“ გახდა. ბელგრადულმა გუნდმა ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელ „სტელა აძურო რომას“ 73:71 სძლია. იტალიური კლუბის ღირსებას 16 წლის სანდრო მამუკელაშვილი იცავდა, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბელგრადელებმა მეტოქეს 2 ქულით – 73:71 სძლიეს. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 15:08 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ქართველმა გოლიათმა (16 წლის და 208 სანტიმეტრის) ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ჩემპიონებს 28 ქულით ალექსანდარ არატინოვიჩმა ულიდერა.
ევროლიგის სიმბოლური ხუთეული. სანდრო მამუკელაშვილი (№13)
მამუკელაშვილი რომაელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:38 წუთი გაატარა. სანდრომ 4-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საერთო ჯამში მამუკელაშვილმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და საქართველოს (და არც ერთი ქვეყნის) ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს უთამაშია, 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.
მამუკელაშვილი ევროლიგის 4 მატჩში მოედანზე საშუალოდ 24:25 წუთს ატარებდა და 14.5 ქულას, 5.8 მოხსნას, 1.8 ჩაჭრას და 1.3 პასს აგროვებდა. მამუკელაშვილთან ერთად ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ მილანის “არმანი ჯუნიორის“ წევრი ნემანია დინჩიჩი, ვირტუსელი ალესანდრო პაიოლა, უნიკახელი აბლაი სოუ და ბელგრადელი ალექსანდარ არატინოვიჩი. რაც შეეხება გოგა ბითაძის საშუალო მონაგარს 4 მატჩში: 15:10 წუთი, 7.8 ქულა, 4 მოხსნა და 0.8 დაფარება.
გოგა ბითაძე ევროლიგის ჩემპიონობას თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს