ბითაძემ და მამუკელაშვილმა ნბა-ს ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს

ბითაძემ და მამუკელაშვილმა ნბა-ს ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს

ამერიკის ნაციონალური ასოციაციის მორიგი სეზონი ქართველებისთვისაც დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომაც იმარჯვა და გოგა ბითაძის ორლანდომაც. საინტერესო ის იყო, პირველივე მატჩში რამდენი ხანი მოუწევდათ ქართველებს თამაში, საიდანაც გარკვეული დასკვნების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.

მამუკელაშვილმა ტორონტოში პირველ ოფიციალურ მატჩში ატლანტასთან სტუმრად 17 წუთი ითამაშა. სანდრო სათადარიგო იყო. მის პოზიციაზე ძირითადში ბრენდონ ინგრამმა – მთლიანობაში 27 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდროს ანგარიშზე 7 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი იყო. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო. ტორონტომ მასპინძელი ატლანტა იოლად 138:118 დაამარცხა. 

გოგა ბითაძის ორლანდომ მაიამის უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 125:121 იმარჯვა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, ძირითადში კი კვლავ ვენდელ კარტერმა დაიწყო, რომელმაც მოედანზე 30 წუთი გაატარა და 9 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა. თითქმის ანალოგიური შედეგი (მთლიანობაში უკეთესი) ჰქონდა გოგა ბითაძეს, ოღონდ კარტერზე 11 წუთზე ნაკლებ დროში.

ქართველმა ცენტრმა 19 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი (ორლანდოში მეორე შედეგი) 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან სამივე ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. ორლანდოდან საუკეთესოები ფრანც ვაგნერი და პაოლო ბანკერო იყვნენ – მათ ანგარიშზე 24-24 ქულაა. ბანკეროს 11 მოხსნაც ჰქონდა და სეზონის პირველსავე მატჩში ორმაგი დუბლი ჩაიწერა. ვაგნერი განსაკუთრებით პირველ ტაიმში “დაფრინავდა” – თავისი 24 ქულიდან 19 სწორედ პირველ ნახევარში ჩააგდო. კარგი თამაში ჰქონდათ დესმონდ ბეინს (23 ქულა, 3/7 სამქულიანი) და ტრისტან და სილვასაც, რომელმაც “სკამიდან”, 18 წუთში, 16 ქულის დაგროვება მოახერხა (5/8 თამაშიდან, 3/5 სამქულიანი).

საფინალო სირენამდე 60 წამით ადრე ანგარიში თანაბარი გახლდათ (119:119). ბითაძის გუნდი წინ ჯეილენ საგსმა (14 ქულა, 6/7)  გაიყვანა, საქმეს კი წერტილი ბეინმა და კარტერმა დაუსვეს. ორლანდოს მომდევნო მატჩი შაბათს გამთენიისას ელის: ატლანტა ჰოუკსს უმასპინძლებს და მერე, ზუსტად ერთ დღეში ჩიკაგო ბულსს მიიღებს.