ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში გოგა ბითაძემ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. მისი ორლანდო ოკლენდში გოლდენ სტეიტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 99:104 წააგო. ქართველმა ცენტრმა 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგზე 2-ით ნაკლებია.
ორლანდომ პირველი პერიოდი რვა ქულით მოიგო, თუმცა მეორე პერიოდში რვა ქულით დამარცხდა და ტაიმი 43:43 დასრულდა. გოლდენ სტეიტმა მესამე პერიოდში 39:24 გაიმარჯვა და ბოლო მეოთხედს 15 ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ორლანდომ მატჩის გადასარჩენად ბევრი იბრძოლა, მაგრამ ბოლო პერიოდში მხოლოდ 10 ქულით გაიმარჯვა და დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 20:09 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 8-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გოგას საუკეთესო შედეგი მოხსნებში 16-ია, რომელიც ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში, ფინიქს სანსის წინააღმდეგ მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს 14 მოხსნის მოსაგროვებლად წუხანდელ მატჩში მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა. გოლდენ სტეიტს ენდრიუ უიგინსმა და სტეფ კარიმ ულიდერეს. უიგინსმა 25 ქულა ჩააგდო, ხოლო კარიმ მატჩი 24 ქულით დაასრულა.
ორლანდოს წარუმატებელი სერია აქვს, გუნდს 24 მოგება და 27 მარცხი დაუგროვდა, რითიც საპლეიოფო ზონას დაშორდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ორლანდო მომდევნო მატჩში საკრამენტო კინგსთან სტუმრად ითამაშებს.
მარცხი განიცადა სანდო მამუკელაშვილის სან ანტონიომაც, რომელიც მემფისის გრიზლისთან შეხვედრა 109:128 დათმო. სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 3:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა დააგროვა. მან ერთიდან ერთი ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
სან ანტონიო 21 მოგებით და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩში ატლანტა ჰოუქსს შეხვდება.