გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მის ქებულ გარჯას ელვარებას “ბუდუჩნოსტის” საშინაო მარცხი უკარგავს. ბითაძის გუნდმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მოსკოვის რეგიონის “ხიმკის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 90:98 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:55 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
გოგამ 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, ამერიკელი ნორის კოულის მაჩვენებელთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. ამ უკანასკნელმა 20 ქულას 11 პასი წაამატა.
“ბუდუჩნოსტს” 6 მოგების წილ 16 მარცხი გააჩნია და კვლავაც ბოლოსწინა. მე-15 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 22 თებერვალს, ლიტვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” ჩაატარებს.